ამ ძალიან დიდი სანქციების ფონზე, რუსეთი ეცდება, არა მხოლოდ საქართველო, არამედ ბევრი ქვეყანა სანქციებისგან თავის ასარიდებლად გამოიყენოს – გიორგი აბაშიშვილი

რუსეთი, ამ ძალიან დიდი სანქციების ფონზე, აუცილებლად ეცდება, რომ არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა სანქციებისგან თავის ასარიდებლად გამოიყენოს – ჩვენი პოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან უკიდურესად კოორდინირებული უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, “ჯეოქეისის“ მკვლევარმა გიორგი აბაშიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც შეაფასა რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის რძის პროდუქტების ბაზრის გახსნა.

აბაშიშვილის აზრით, რუსეთი საქართველოსთან ერთი-ერთზე არ უნდა დარჩეს და „იმედია ხელისუფლება გვაჩვენებს, რომ მისი ნაბიჯები და საფრთხეების არიდების სურვილი საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებულია“.

„რუსეთი დაიწყებს გზების მოძიებას, რათა თავიდან აირიდოს სანქციები. ეს შეიძლება იყოს როგორც სხვა ქვეყნები, ასევე ოფშორები. ერთი მხრივ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ფრთხილად, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს ჩრდილოვანი გზებით სანქციების თავიდან არიდება, მეორე მხრივ, საქართველოსაც სიფრთხილე მართებს. რუსეთი არ არის ქვეყანა, რომელიც ვინმეს კეთილდღეობაზე ზრუნავს, რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის ვინმეს გამოყენებაზე ფიქრობს მხოლოდ საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე. აქ ჩვენი პოზიცია უკიდურესად ფრთხილი, გამიზნული და უკიდურესად კოორდინირებული უნდა იყოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, უმნიშვნელოვანეს პარტნიორებთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან. ამ საკითხებზე ყოველდღიურ კომუნიკაციაში უნდა ვიყოთ. საქართველოს მთავრობის პოზიცია გასაგებია, მაგრამ ჩვენი ნაბიჯები უნდა იყოს კოორდინირებული, შეთანხმებული და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყოველდღიურად უნდა იყვნენ ინფორმირებულები ჩვენი რისკების, საფრთხეებისა და ნაბიჯების შესახებ. განსაკუთრებული სიფრთხილე გვჭირდება. ზოგადად კი, რუსეთი არაერთ პროვოკაციულ ნაბიჯს გადადგამს საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჩვენი დამცველი მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებაა. ჩვენ არასდროს, არ უნდა დავუშვათ სიტუაცია, რომ რუსეთთან ერთი-ერთზე დავრჩეთ ნებისმიერ საკითხზე.

რა მოლაპარაკებები, როდის და სად იყო ერთი თემაა, მაგრამ მეორეა ის, რომ დღეს სხვაგვარად მოქცევა გვმართებს, მხოლოდ ჩვენს პარტნიორებთან კოორდინირებით.

აბსურდული თემაა, რომ საქართველოს შეუძლია იყოს იმ პროდუქტის ექსპორტიორი, რომლის იმპორტიორი თავადაა. საუბარია რძის პროდუქტებზე. შეუძლებელია ექსპორტიორი ვიყოთ. კომპანიებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს, მაგრამ რუსეთი პროვოკაციებს გააგრძელებს. როგორც მთავრობამ, ისე მეწარმეებმა და თითოეულმა მოქალაქემ უნდა გავიაზროთ, რომ რაც უფრო მეტად ვდისტანცირდებით რუსეთისგან არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით, მით ნაკლები გავლენა ექნება ამ ვერაგ სახელმწიფოს ჩვენზე. რაც შეიძლება ნაკლები გავლენა უნდა ჰქონდეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რათა ნაკლები საშუალება ჰქონდეს ჩვენი შანტაჟისთვის. ამიტომ, ნაცვლად რუსეთთან რაღაც თემების განსახილველად დროის ხარჯვისა, მნიშვნელოვანია მეტი დრო დავხარჯოთ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიკაციის მიმართულებით, ნაკლები წილი დავუტოვოთ რუსეთს ჩვენს ეკონომიკასა და ცხოვრებაში“,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …