თბილისი (BPI) – საქართველოში განხორციელებული მასშტაბური კიბერთავდასხმის მსგავსი ჯერ არ გვინახავს, – ეს განცხადება ტელეკომპანია „ბიბისისთან“ ინტერვიუში კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა, სურეის უნივერსიტეტის პროფესორმა ალან ვუდვორდმა გააკეთა.
„თავდასხმის მასშტაბი და სამიზნეები გვაძლევს საფუძველს, დავასკვნათ, რომ ის შეიძლება სხვა სახელმწიფოს მიერ იყო დასპონსორებული“, – ამბობს ვუდვორდი.
საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა გუშინ განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.
კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.
1tv.ge