აკრედიტაციის ცენტრი ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა

საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი, რომელიც 2005 წლიდან ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობის ორგანიზაციის (ILAC) ჯერ აფილირებული, შემდეგ კი ასოცირებული წევრი იყო, 2022 წლის 18 მაისიდან უკვე აღნიშნული ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მრავალწლიანი რეფორმის შედეგია, რომლის მიზანი საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიებისა და ინსპექტირების ორგანოების საერთაშორისო აღიარების მიღწევაა.

„საერთაშორისო საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია ქართული პროდუქტებისათვის მთავრობის ერთერთი სტრატეგიული მიმართულებაა, ის განსაკუთრებით აქტუალურია მას შემდეგ, რაც საქართველომ გააფორმა თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ასეთ შეთანხმებათა ეფექტური გამოყენება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია არა მხოლოდ სატარიფო ბარიერების მოხსნაზე არამედ არასატარიფო ბარიერების მნიშვნელოვან შემცირებაზე, მათ შორის, საქართველოში გაცემული პროდუქტისა და მომსახურების სერტიფიკატების აღიარებაზე. საქართველოში გაცემული სერტიფიკატების აღიარებისა და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარების ხელშესაწყობად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნებთან საერთაშორისო პლატფორმებზე თანამშრომლობა, მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა ILAC-ი. როგორც ორგანიზაციის მიზნებშია განსაზღვრული მისი წევრების ძირითადი მიზანია ერთმანეთის სისტემების ეკვივალენტურობის მიღწევა და აღიარება,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გენადი არველაძის განცხადებით, ILAC-ის მრავალმხრივი აღიარების შეთანხმება მთავრობას აძლევს სანდო და მძლავრ ჩარჩოს, რომლის საფუძველზეც ძლიერდება და ვითარდება მთავრობათაშორისი ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებები. მისი თქმით, ორგანიზაციის წევრობა გარკვეულწილად ნიშნავს საქართველოს სერტიფიკაციის სისტემის აღიარებას, რაც პოზიტიურ ფაქტორად შეიძლება იქნას განხილული აღნიშნულ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების მაღალ დონეზე განხილვის დროს.

„ILAC-ში სრულფასოვანი წევრობა გულისხმობს საქართველოში წარმოებული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის ზრდას და დამატებით ბაზრებზე დაშვების შესაძლებლობას. სრული წევრობის ფარგლებში აკრედიტაციის ცენტრის თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ ყოველდღიურად იყვნენ ჩართულები საერთაშორისო დონეზე გადაწყვეტილებების მიღებაში ხმის უფლებით რაც ხელს შეუწყობს საქართველოში აკრედიტაციის სისტემის კიდევ უფრო მეტად განვითარებას საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად,“ – განაცხადა აკრედიტაციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ნათია მიქელაძემ. მისი თქმით, ILAC-ის სრულუფლებიანი წევრის სტატუსი შესაძლებლობას ანიჭებს აკრედიტაციის ცენტრსა და აკრედიტირებულ ლაბორატორიებს გამოიყენონ/დაიტანონ ორგანიზაციის სიმბოლო და „თაგლაინი“ საკუთარ დოკუმენტებზე/სერტიფიკატებზე, რაც მიანიშნებს ამ დოკუმენტების საერთაშორისო აღიარებას და მნიშვნელოვნად ზრდის სერტიფიკატების მიმართ ნდობას.

ILAC-ს წევრია მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყანა და აკრედიტაციის სფეროში არსებული ყველა რეგიონული ორგანიზაცია, როგორც აზიის, აფრიკის, ისე ამერიკის კონტინენტიდან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს აკრედიტაციის ცენტრს, როგორც ევროპული აკრედიტაციის მრავალმხრივი აღიარების (EA) MLA ხელშეკრულების ხელმომწერს საკალიბრო და საგამოცდო ლაბორატორიების სფეროში ისო/იეკ 17025 სტანდარტის შესაბამისად, სამედიცინო ლაბორატორიების სფეროში – ისო 15189 სტანდარტის შესაბამისად და ინსპექტირების ორგანოების სფეროში ისო/იეკ 17020 სტანდარტის შესაბამისად, სრულუფლებიანი წევრობის სტატუსის მოპოვების შემდეგ ILAC-ში, მიენიჭა ILAC MRA-ს ხელშეკრულების ხელმომწერის სტატუსი, რაც ნიშნავს საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიებისა და ინსპექტირების ორგანოების ევროკავშირთან ერთად, საერთაშორისო აღიარებას.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …