აკვაკულტურა ციფრებში – თევზის წარმოება უმჯობესდება

თბილისი (BPI) – 2018 წლის ბოლოსთვის აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევების საერთო ფართობი წინა წელთან შედარებით 2.4%-ით გაიზარდა და 4 410.5 ჰექტარი შეადგინა.

ტბორების ფართობმა 2 327.5 ჰექტარს მიაღწია, რაც 4.6%-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე, აუზების ფართობი წინა პერიოდთან შედარებით 6%-ით შემცირდა და 25.9 ჰექტარით განისაზღვრა.

ქვეყანაში აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსაცავებისა და ბუნებრივი წყალსატევების (ტბა ან ტბის ნაწილი, მდინარის ნაწილი, ზღვის ნაწილი) ჯამური ფართობი კი 2 057.1 ჰექტარია. 2018 წლის მდგომარეობით, ტბორების ყველაზე დიდი ნაწილი კახეთში მდებარეობდა საერთო ფართობით – 1 515.4 ჰექტარი.  სამეგრელო-ზემო სვანეთში ტბორების ფართობმა  501.4 ჰექტარი, იმერეთში 145.3 ჰექტარი, დანარჩენ რეგიონებში ჯამურად 165.4 ჰექტარი შეადგინა.

აუზების ყველაზე დიდი ნაწილი შიდა ქართლშია – 17.9 ჰექტარი. სამცხე-ჯავახეთში არსებული აუზების ფართობი შეადგენს 2.9 ჰექტარს, აჭარაში – 1.7 ჰექტარს, გურიაში – 1.5 ჰექტარს, ხოლო დანარჩენ რეგიონებში არსებული აუზების მთლიანი ფართობი 2.1 ჰექტარს არ აღემატება.

2018 წელს აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებული თევზი, წინა წელთან შედარებით, 16.6%-ით გაიზარდა და  2 381.1 ტონა შეადგინა. ორაგულისებრთა წარმოებამ 1 475.5 ტონას მიაღწია, კობრისებრთა წარმოება 817.1 ტონას შეადგენს. გაზრდილია ორივე მათგანმის წარმოება. სამაგიეროდ შემცირდა ზუთხისებრთა წარმოება (75 ტონა) და ლოქოსებრთა (12.6 ტონა). ორაგულისებრთა წარმოებაში 99.2%-ით ცისარტყელა კალმახია წარმოდგენილი. კობრისებრთა წარმოებაში 44.4% მოდის კობრისა და სარკისებური კობრის, 40.6% – თეთრი და ჭრელი სქელშუბლას, ხოლო 14.5% – თეთრი ამურის წარმოებაზე.

2018 წელს თევზის წარმოების მიხედვით ლიდერობს შიდა ქართლი, რომელზეც მოდის ქვეყანაში წარმოებული თევზის 30.2%. სტრუქტურაში მეორე ადგილს იკავებს კახეთი – 27.8%-ით, მესამე ადგილზეა სამეგრელო-ზემო სვანეთი – 13.1%-ით, ხოლო დანარჩენ რეგიონებზე ჯამურად ქვეყანაში წარმოებული თევზის 28.9% მოდის.

2018 წლის ბოლოსთვის აკვაკულტურისათვის განკუთვნილ წყალსატევებში არსებული თევზის საერთო მოცულობა 17.1%-ით გაიზარდა და 2 421.1 ტონით განისაზღვრა. აქედან, კობრისებრთა ოჯახის წილი 59.0 პროცენტი იყო, ორაგულისებრთა ოჯახის – 24.2 პროცენტი, ზუთხისებრთა ოჯახის – 15.7 პროცენტი, ხოლო ლოქოსებრთა ოჯახის – 1.1 პროცენტი.

2018 წელს 1 კილოგრამი ცისარტყელა კალმახის საშუალო წლიური ფასი ფერმის კართან (მწარმოებლის ფასი) 8.9 ლარი იყო, კობრისა და სარკისებრი კობრის – 7.0 ლარი, თეთრი ამურის –  6.0 ლარი, თეთრი და ჭრელი სქელშუბლას – 3.8 ლარი, რუსული და ციმბირული ზუთხის – 25.3 ლარი, ხოლო ევროპული ლოქოს – 14.9 ლარი.

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილმა ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს, …