მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში საქართველოდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტი 236.6%-ით გაიზარდა. შედეგად, ქვეყანამ აღნიშნული საქონლის რეალიზაციიდან რეკორდული 182.6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
ქვეყნის უმსხვილეს 10 საექსპორტო საქონელს შორის აზოტოვანმა სასუქებმა 5.9%-იანი წილით მეოთხე ადგილი დაიკავა და ღვინის და მინერალური წყლების ექსპორტს გადააჭარბა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში უცხო ქვეყნებში სულ 279 221 ტონა აზოტოვანის სასუქის რეალიზება მოხდა, რაც მოცულობით გასული წლის ამავე პერიოდის ექსპორტის მოცულობას მხოლოდ 0.4%-ით აღემატება. ექსპორტის ღირებულებისა და მოცულობების შედარების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო ბაზარზე საქონლის ღირებულება მნიშვნელოვნად გაზრდილია.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში აზოტოვანი სასუქის ექსპორტი აღარ განხორციელებულა, თუმცა უკრაინა უმსხვილესი საქონლის სამეულში იანვარ-თებერვალის ექსპორტით მაინც მოხვდა. აღსანიშნია, ისიც რომ ერთ-ერთი მთავარი სარეალიზაციო ბაზარი ამ პერიოდში პერუა, სადაც 100 მლნ დოლარამდე ღირებულების აზოტოვანი სასუქები გავიდა.
TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი ასეთია:
1. პერუ – 99.5 მლნ დოლარი, 153 000 ტონა;
2. ინდოეთი – 21 მლნ დოლარი, 29 125 ტონა;
3. რუმინეთი – 14.4 მლნ დოლარი, 27 373 ტონა;
4. უკრაინა – 13 მლნ დოლარი, 18 194 ტონა;
5. სომხეთი – 10.7 მლნ დოლარი, 15 628 ტონა;
6. განა – 8.4 მლნ დოლარი, 13 359 ტონა;
7. მოზამბიკი – 4.5 მლნ დოლარი, 13 359 ტონა;
8. ნიგერია – 3.6 მლნ დოლარი, 5 341 ტონა;
9. ტანზანია – 3.2 მლნ დოლარი, 4 500 ტონა;
10. სენეგალი – 1.3 მლნ დოლარი, 2 500 ტონა.
ამ ქვეყნების გარდა, აზოტოვანი სასუქები ექსპორტზე მალიში, მავრიტანიაში, აზერბაიჯანში, თურქეთში, ესტონეთსა და უმნიშვნელო მოცულობით ესტონეთში გავიდა.
წყარო: https://bm.ge/