2019 წლის ივლისში საქართველოს 5-ვე აეროპორტი (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, მესტია, ამბროლაური) 571,848 მგზავრს მოემსახურა, რაც 44,959 მგზავრით ნაკლებია 2018 წლის ივლისის მაჩვენებელთან (616,807 მგზავრი) შედარებით. მგზავრთნაკადის 7,3-პროცენტიანი კლება გამოიწვია 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ.
მათ შორის, 2019 წლის ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 384,632 მგზავრს მოემსახურა, რაც დაახლოებით 10 პროცენტით (44,494 მგზავრით) ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის ივლისში თბილისის აეროპორტი 429,126 მგზავრს მოემსახურა.
ამავე საანგარიშო პერიოდში მგზავრთნაკადი შემცირდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2019 წლის ივლისში ბათუმის აეროპორტის მომსახურებით 100,432 – მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 10,893 – ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის ივლისში ბათუმის აეროპორტი 111,325 მგზავრს მოემსახურა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 14 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. 2019 წლის ივლისში აღნიშნული აეროპორტის მომსახურებით 85,738 მგზავრმა ისარგებლა მაშინ, როცა 2018 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 75,372 მგზავრი იყო. ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის სტატისტიკაზე ნაკლები გავლენა მოახდინა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ, რადგან აღნიშნულ აეროპორტიდან რუსეთის მიმართულებით კვირაში მხოლოდ 2 რეისი სრულდებოდა.
რაც შეეხება მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებს, ისინი 2019 წლის ივლისში ჯამურად 1,046 მგზავრს მოემსახურნენ. 2018 წელს ეს მაჩვენებელი 984 მგზავრი იყო. მესტიის აეროპორტის მომსახურებით 2019 წლის ივლისში 819 მგზავრმა ისარგებლა, რაც 75 მგზავრით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (744 მგზავრი), ხოლო ამბროლაურის აეროპორტმა საანგარიშო პერიოდში 227 მგზავრი გაატარა, რაც 13 მგზავრით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (240 მგზავრი).
2019 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირდა მგზავრთნაკადის ზრდის მნიშვნელოვანი დინამიკა. 2019 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით (იანვარი-ივნისი), საქართველოს ხუთივე აეროპორტი ჯამში 2,486,780 მგზავრს მოემსახურა, რაც 18 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს – 2018 წელს 2,103,126 მგზავრი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წლის იანვარი – ივნისის პერიოდში 1,870,241 მგზავრს მოემსახურა, რაც 195,192 მგზავრით მეტია 2018 წლის 6 თვის მაჩვენებელზე (1,675,049 მგზავრი).
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წლის იანვარი – ივნისის პერიოდში 247,404 მგზავრს მოემსახურნენ. 2018 წლის 6 თვეში ეს მაჩვენებელი 190,265 მგზავრი იყო (57,139 მგზავრი).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით 365,267 მგზავრმა ისარგებლა, რაც 130,524 მგზავრით მეტია 2018 წლის 6 თვის მაჩვენებელთან შედარებით (234,743 მგზავრი).
რაც შეეხება ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტებს – მესტიის აეროპორტი 2019 წლის იანვარი – ივნისში მოემსახურა 3,282 მგზავრს, რაც 612 მგზავრით მეტია 2018 წლის 6 თვის მაჩვენებელთან შედარებით (2670 მგზავრი), ხოლო ამბროლაურის აეროპორტი 2019 წლის 6 თვეში მოემსახურა 586 მგზავრს, რაც 187 მგზავრით მეტია 2018 წლის 6 თვის მაჩვენებელთან შედარებით (399 მგზავრი).
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდის ტემპი 18 პროცენტიდან 12 პროცენტამდე შემცირდა. საქართველოს აეროპორტები ჯამში – 3,058,473 მგზავრს მოემსახურა, რაც მხოლოდ 12% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 2,719,931 მგზავრი).