წელს გლობალური ტურიზმი, 2019 წელთან შედარებით, 60-70%-ით აღდგება – UNWTO

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროგნოზით, წელს გლობალური ტურიზმი, 2019 წელთან შედარებით, 60-70%-ით აღდგება.

ამის შესახებ UNWTO-ში სახელმწიფოებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ბექა ჯაყელმა BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-თან ინტერვიუში განაცხადა და covid-19-ის პანდემიის მიერ ტურიზმის სექტორისთვის მიყენებულ ზარალსა და აღდგენის ტენდენციებზე ისაუბრა.

„გლობალურ ტურიზმზე პანდემიის უარყოფითი გავლენა ცალსახაა. 2020 წელს ერთი მილიარდით შემცირდა საერთაშორისო ტურისტების რიცხვი მსოფლიოში და საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობით 1990 წლის დონეს გაუთანაბრდა. კერძოდ, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 1.5 მილიარდიდან 381 მილიონამდე შემცირდა (-74%). აღსანიშნია ისიც, რომ პანდემიამ რისკის ქვეშ დააყენა 100-დან 120 მილიონამდე სამუშაო ადგილი, რომელსაც ტურიზმის სექტორი გლობალურად ქმნიდა და დიდი პრობლემები შეექმნა კერძო სექტორს, განსაკუთრებით, მცირე და საშუალე ბიზნესს სამუშაო ადგილების შენარჩუნების კუთხით.

რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, 2022 წლის 7 თვის მონაცემებით, საერთაშორისო ტურიზმი, 2019 წელთან შედარებით, 57%-ით აღდგა. 2020 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მოცულობა 1,3 ტრილიონი დოლარით შემცირდა 2019 წელთან შედარებით. 2021 წელს კი, შემოსავლების მოცულობა 2020 წელთან შედარებით 100-დან 200 მილიარდის ფარგლებში გაიზარდა.

რუსეთის აგრესია და უკრაინაში მიმდინარე ომი, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკებს ქმნის და ჩვენი პროგნოზით, 2022 წლის ბოლოს, 2019 წელთან შედარებით ტურიზმის სექტორში აღდგენა 60%-დან 70%-ის ფარგლებში იქნება“, – განაცხადა ბექა ჯაყელმა და პროგნოზის გასამყარებლად UNWTO-ს პარტნიორი ორგანიზაციის – ევროპის მოგზაურობის კომისიის კვლევა მოიყვანა.

„კვლევის თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეები მომდევნო 6 თვის განმავლობაში რეგიონში გეგმავენ დასვენებას ანუ აპირებენ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთას. 62%-ს შვებულების გატარება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აქვს დაგეგმილი და ამ 62%-დან მხოლოდ 9% ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორს მათ შვებულებაზე შეიძლება უარყოფითი გავლენა ჰქონდეს. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ბაზარი არის პოლონეთი – პოლონელი ტურისტები, რომლებიც გეგმავენ ევროპის მასტაბით მოგზაურობას. ამდენად, ტურიზმის აღდგენის კუთხით, დამაიმედებელი სურათი გვაქვს“, – აღნიშნა ბექა ჯაყელმა.

გარდა ამისა, UNWTO-ში სახელმწიფოებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ტურიზმის აღდგენის შემაფერხებელ ფაქტორებს შორის ასახელებს გლობალურად მაღალ ინფლაციას და ენერგორესურსების გაძვირებას. „გაზრდილი საწვავის ფასი კი აძვირებს ავიაბილეთებს და შესაბამისად, მოგზაურობას“, – ამბობს ის.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ტურიზმის აღდგენის შემაფერხებელ ფაქტორებზე საუბრისას ბექა ჯაყელმა #რედაქტ2-თან ინტერვიუში გამოყო, covid-შეზღუდვებია, რომელიც ჩინეთში ამ დრომდე მოქმედებს.

„ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ დრომდე ძალიან მკაცრი შეზღუდვებია როგორც ჩინელების საზღვარგარეთ გასვლასთან დაკავშირებით, ასევე ჩინეთში მოგზაურობაზე, არადა მოგეხსენებათ, პანდემიამდე ჩინელი ტურისტების წვლილი საერთაშორისო ტურიზმის დანახარჯებში ყველაზე მაღალი იყო. ამდენად, ჩინეთის ბაზარი, ჯერჯერობით, ისევ არაა ხელმისაწვდომი და ყველა განსაკუთრებით ელოდება ამ ბაზრის გახსნას. ვიმედოვნებ, ჩინეთის მთავრობა მიიღებს დროულ გადაწყვეტილებას შეზღუდვების მოხსნაზე და მალე ჩინელი ტურისტები ისევ დაიწყებენ მოგზაურობას. ასევე, უნდა ითქვას, რომ იაპონიამაც ძალიან ცოტა ხნის წინ მოხსნა covid-შეზღუდვები“, – აცხადებს ბექა ჯაყელი.

 

წყარო: BM.ge

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების  ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …