ყაზახეთისა და საქართველოს 2006-2020 წლების პარტნიორობის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

თბილისი (BPI) – ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთაინების ინიციატივით, ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის კვლევის შედეგების ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული კვლევა  ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების და TBC კაპიტალის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა და შექმნილი დოკუმენტი მოიცავს 2006-2020 წლის სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს ქვეყნების მაკროეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით.

როგორც ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მმართველობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი აღნიშნავს კვლევა ქვეყნებს შორის მომავალი საქმიანობის ეფექტიანად განსაზღვრის, დაგეგმვისა, მართვის და მიღწეული შედეგების გაზომვის შესაძლებლობას იძლევა, ეს იქნება ორ ქვეყანას შორის საგრეო ვაჭრობა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი ორ ქვეყანას შორის და ტურისტული შემოდინებები.

კვლევის თანახმად, 2015-2019 წლების პერიოდში, საქართველოს რე-ექსპორტის 14% ცენტრალური აზიისკენ იყო მიმართული, ხოლო 3% – ყაზახეთისკენ. რეექსპორტის დეტალური შესწავლით გამოვლინდება შუა აზიაში მოთხოვნადი პროდუქცია, სადაც საქართველო ექსპორტის შესაძლებლობებს დაინახავს. მაგალითად ცენტრალური აზიის ქვეყნებში საქართველოდან ყველაზე მოცულობით რეექსპორტირებულ საქონელში შედის თამბაქო, ფარმაცევტული მასალები და ავეჯი,  ეს უკანასკნელი კი არ ხვდება ყაზახეთში განხორციელებულ რე-ექსპორტში. ამ ფონზე, ექსპორტირებულ პროდუქციას შორის  საქართველოდან სასმელის, ტექსტილისა და ტანსაცმლის ექსპორტი ყაზახეთში მზარდი დინამიკით ხასიათდება, თუმცა სხვა დანარჩენ კატეგორიებში უკანასკნელი წლების განმავლობაში კლებადი ტენდენციაა. ყაზახეთიდან საქართველოში ექსპორტირებული საქონლის დინამიკა არაერთგვაროვანია და ზოგიერთ კატეგორიაში 2020 წელს 16x-მდე ზრდა დაფიქსირდა.

კვლევაში მნიშვნელოვან ადგილს იკავეს  პირდაპირი ინვესტიციები.  2005-2020 წლებში, ყაზახეთი მე-3 ადგილს იკავებს ყოფილი სოციალისტურ ქვეყნებს შორის რუსეთისა და აზერბაიჯანს შორის,  რომლებისაგან განსხვავებით ყაზახეთს სახმელეთო საზღვარი საქართველოსთან არ გააჩნია. ამავე პერიოდში, ცენტრალური აზიიდან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 86% ყაზახეთს ეკუთვნის და შეადგენს 259 მილიონ აშშ დოლარს. საქართველოში ყაზახეთიდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძირითადად სამშენებლო, HORECA, ტრანსპორტირების, უძრავი ქონებისა და საფინანსო სექტორებისკენაა მიმართული. 2020 წელს, 136 მლნ აშშ დოლარით, საქართველოდან ყაზახეთში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ უკანასკნელი 15 წლის საშუალო მაჩვენებელს დაახ. 20-ჯერ გადააჭარბა.

რაც შეეხება ტურიზმს, 2011-2019 წლებში, საქართველოში შემომავალი ჯამური ვიზიტორების რაოდენობა წელიწადში საშუალოთ 14%ით გაიზარდა, თუმცა ყაზახეთიდან შემომავალი ვიზიტორების რაოდენობა ერთ-ერთი ყველაზე მზარდია და ამავე პერიოდში 26%-ით გაიზარდა. ყაზახეთიდან შემოსულ ტურისტულ ნაკადი ხასიათდება საუკეთესო მაჩვენებლებით, როგორიც არის ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა (7 დღე) და ვიზიტისას საშუალო დანახარჯი (1800 ლარი). აღნიშნული მონაცემებით ის უტოლდება ისეთ ქვეყნებს როგორიც არის გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი და ისრაელი.

„ერთობლივი კვლევის შედეგები, რომელიც  სამ ძირითად მიმართულებას საგარეო ვაჭრობას, ინვესტიციებსა და ტურიზმს მოიცავს, ყაზახეთთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე მიუთითებს. კვლევა სასარგებლო  გამოვიდა, რადგან საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას მოიცავს, მათ შორის, როგორიცაა მთავარ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, საქართველოსა და ყაზახეთის მდგომარეობა საერთაშორისო რეიტინგებში, საქართველოს და ყაზახეთის ეკონომიკური კავშირები და სხვა. ამ კვლევის ჩატარების მიზანიც სწორედ ის იყო, რომ წარმოგვეჩინა ის მიმართულებები და სექტორები, რომელიც სამომავლოდ  სიღრმირესეულ კვლევას საჭიროებენ, რადგან უფრო მეტად ავითვისოთ ის პოტენციალი, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია.  მაგალითად, კვლევამ დაგვანახა, რომ დღეს  სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის არის ძალიან დაბალი, ფაქტობრივად, სპონტანურად ხდება სხვადასხვა პროდუქციების, კატეგორიების ვაჭრობა ქვეყნებთან და ძირითადი პროდუქტები, წლებიდან წლებამდე ძალიან მცირე გადაზიდვები ფიქსირდება.  შესაბამისად,  ჩვენი მომდევნო ეტაპი იქნება არსებული კატეგორიების უფრო სიღრმისეული ჩაშლა. რა მიზეზით, რა ბარიერით, რა ცვლილებებით ბაზარზე მოხდა აღნიშნული მაჩვენებლების შემცირება. საქართველოს ყაზახეთთან ვაჭრობის, ტურიზმისა და FDI – ს ზრდის პოტენციალი გააჩნია, შესაბამისად, ჩვენ უნდა ავითვისოთ ყველა  შესაძლებლობა, “ – კვლევის მნიშვნელოვან  დეტალებზე საუბრობს  გიორგი ჯახუტაშვილი.

„თიბისი კაპიტალი, 2018 წლიდან რეგულარულად აქვეყნებს როგორც მაკრო, ასევე სექტორულ კვლევებს. ამ პუბლიკაციებით ხელმძღვანელობენ წამყვანი კომპანიები, სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. აღნიშნული კვლევები ჩვენს პარტნიორებს – ბაზრის დროულ ანალიზსა და სამომავლო ტენდენციების უკეთ პროგნოზირებაში, შესაბამისად კი საქმიანობის უკეთ დაგეგმვასა და სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მიერ, თიბისი კაპიტალისთვის დაკვეთილი საქართველოსა და ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთობების კვლევა, ორივე ქვეყანას საშუალებას აძლევს სწორად განსაზღვროს პარტნიორობის შესაძლებლობები და მომავალი თანამშრომლობა ეფექტურად დაგეგმოს. აღნიშნულ კვლევაზე მუშაობისას გამოიკვეთა, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებული ეკონომიკური კავშირი, მეტ ძალისხმევას  მოითხოვს იმისთვის, რომ პარტნიორობას კიდევ უფრო სტაბილური და გრძელვადიანი ხასიათი ჰქონდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება. რადგან აღნიშნული ანგარიში ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე არსებული პირველი პუბლიკაციაა, ტურიზმთან, ინვესტიციებთან თუ ვაჭრობასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ყველა მონაცემი, კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რაც კიდევ უფრო მეტ ღირებულებსა და მნიშვნელობას სძენს პუბლიკაციას,“ –  კვლევის მნიშვნელობაზე საუბრობს თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი, მერი ჩაჩანიძე.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …