ქეთევან დედოფლის გამზირის სავალი ნაწილი უახლოეს დღეებში გაიხსნება

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოები კვირის ბოლომდე დასრულდება და გზის სავალი ნაწილი გაიხსნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

„როგორც ვთქვით, ქეთევან დედოფლის გამზირზე სამუშაოები ნოემბერში დასრულდებოდა. ამ დროისთვის, პროექტით გათვალისწინებული ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც კვირის ბოლომდე დასრულდება და ორშაბათიდან გზის სავალი ნაწილი ავტომობილებისთვის და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მთლიანად გაიხსნება. პროექტის ფარგლებში, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე, გამზირს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ზედაპირული სამუშაოებით. გვინდა, სიღრმისეულად მოწესრიგდეს ქუჩები, გამზირები, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ახალი განათების ქსელით, გამწვანებით, მიმდებარე არეალებით. ეს ყველაფერი გაკეთდა ქეთევან დედოფლის გამზირზე. ასევე, პროექტის ფარგლებში, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო მოსაცდელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყო სპეციალური ზოლი, რათა ტრანსპორტმა შეფერხებების გარეშე შეძლოს გადაადგილება; ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის მოეწყო კუნძულები და გადასასვლელები, გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი სკვერის რეაბილიტაციაც განხორციელდა.

„ერთადერთი რჩება ავლაბრის მეტროს ვესტიბიულის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ძალიან  აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიოში 5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 დეკემბერს, მსოფლიო კონკურენციის დღე, სხვადასხვა აქტივობებით, 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო …