ქართველი ფერმერების მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსი იწყება

თბილისი (BPI) – ახალი საგრანტო პროგრამით ჩვენ ფაქტობრივად ვაკავშირებთ ფერმერს ბაზართან და ჯანსაღ პროდუქციას – მომხარებელთან, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა, რაიმუნდ იელემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.

FAO/ENPARD-ის ერთობლივი პროექტი სახელწოდებით „მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის“ 12 მილიონ ევროს ბიუჯეტს მოიცავს და განაცხადების შეტანის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 30 ნოემბერია. განაცხადების რეგისტრაცია სპეციალურ საიტზე Faogrant.ge-ზე ხდება. განაცხადების შეტანის მეორე ციკლი 2020 წლის პირველ იანვარს დაიწყება და 2020 წლის 31 მარტს დასრულდება. ამასთან, საიტის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ხელნაწერი განაცხადები არ მიიღება.

FAO-ს წარმომადგენლის მიხედვით, აღნიშნული პროექტი, რომელიც ფერმერებს გრანტებსა და ტექნიკურ დახმარებას სთავაზობს, ერთი მხრივ, ფერმერების ბაზარზე შესვლას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, მომხმარებლის ხარისხიანი პროდუქციით მომარაგებაზეა ორიენტირებული.

ეს პროექტი, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს, აქცენტს ერთი მხრივ გრანტებზე აკეთებს, მეორე მხრივ ტექნიკურ დახმარებაზე. ეს არის შესანიშნავი საშუალება იმისთვის, რომ ფერმერების მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ფერმერებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომის შესაძლებლობა ექნებათ, რათა წარმოება გააუმჯობესონ და უფრო ეფექტური გახადონ. ძალიან ბევრი ფერმერი კარგ პროდუქტს აწარმოებს, მაგრამ შეიძლება, ბაზარზე წვდომა არ ჰქონდეთ. ჩვენ ფაქტობრივად ფერმერს ბაზართან ვაკავშირებთ და ჯანსაღ პროდუქციას მომხმარებელთან. მომხარებელს უნდა ჰქონდეს სრული წარმოდგენა იმაზე, თუ საიდან მოდის პროდუქტი, რომელსაც ყიდულობს. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა დამატებითი ტექნოლოგიის გასავითარებლადექსტენციის სერვისის დასანერგად და საკონსულტაციო ცენტრების მოსაწყობად, რათა ფერმერებმა გაზარდონ წარმოება და შემოსავალი,“ – განმარტა რაიმუნდ იელემ.

FAO/ ENPARD-ის საგრანტო ინიციატივის მიზანია, ქართველ ფერმერებს, სოფლის შინამეურნეობებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუუმჯობესდეთ წვდომა ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე. პროცესი ემსახურება სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უკეთესი საარსებო წყაროების შექმნას.

კონკურსი ორ საგრანტო კატეგორიას მოიცავს. პირველ კატეგორიაში სასოფლო-სამეურნეო ინიციატივები დაუფინანსდებათ ფერმერებს, კოოპერატივებს და საქართველოში რეგისტრირებულ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ახორციელებენ შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ლაგოდეხი, ბორჯომი, ყაზბეგი, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ხულო, ქედა. ეს ის მუნიციპალიტეტებია, სადაც ევროკავშირის, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში უკვე ხორციელდება სოფლის განვითარების პროექტები. დაფინანსდება კაპიტალური ინვესტიციები, როგორიც არის მანქანა-დანადგარები და ტექნიკური აღჭურვილობა სოფლის მეურნეობის ნებისმიერ სექტორში.

მეორე საგრანტო კატეგორიაში გრანტები გაიცემა იმ ფერმერების, კოოპერატივებისა და საქართველოში რეგისტრირებული მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან: ახალციხის, დუშეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში. ამ კატეგორიაში დაფინანსებას ექვემდებარება კაპიტალური ინვესტიციები შემდეგ სექტორებში: მესაქონლეობა (ყველა ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტში), მერძევეობა (ყველა ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტში), მეკარტოფილეობა (წალკა, ნინოწმინდა და ასპინძა), მებოსტნეობა (ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი) და ხორბალი (სიღნაღი).

საგრანტო კონკურსის მიხედვით, არ დაფინანსდება საოპერაციო და საბრუნავი ხარჯები: დასაქმებულთა ხელფასები, სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის და სათესლე მასალების ხარჯი. ორივე კატეგორიის საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი თანხის ოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში და მაქსიმუმ 150 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. გრანტის გაცემისას პროგრამა უზრუნველყოფს 40%-იან დაფინანსებას. შესაბამისად, განმცხადებელს მოეთხოვება მთლიანი საინვესტიციო ღირებულების მინიმუმ 60%-ის თანადაფინანსება.

პროგრამით ასევე გათვალისწინებულია ისეთი სპეციფიკური ინვესტიციების მხარდაჭერა, რომლებსაც ექნებათ მნიშვნელოვნად დადებითი ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, სოციალურ მდგომარეობასა და გარემოს დაცვაზე. ამ კონკრეტული ტიპის პროექტების დაფინანსება შესაძლოა, 60%-მდე გაიზარდოს.

რაიმუნდ იელემ აღნიშნა, რომ დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ცხოველური პროდუქციის უსაფრთხოებისა და აქედან გამომდინარე, მისი მიკვლევადობის საკითხს, რასაც FAO/ ENPARD-ის კიდევ ერთი პროექტი ემსახურება სახელწოდებით – „ცხოველთა რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის“ პროექტი. FAO-ს წარმომადგენელი ქართველ ფერმერებს ურჩევს, შინაური ცხოველების რეგისტრაცია მოახდინონ, რაც მისი თქმით, საბოლოო ჯამში მათ შემოსავალს გაზრდის.

ხარისხიანი პროდუქტი მომხმარებლისთვის არის განკუთვნილი. როდესაც საქმე მეცხოველეობას ეხება, ყოველთვის უნდა დავიცვათ საერთაშორისო სტანდარტები და ქართველ მომხმარებელს სურს, ეს სტანდარტები ადგილობრივ ბაზარზე იხილოს. ცხოველთა იდენტიფიკაცია აუცილებელია, რადგან საშუალებას იძლევა, რომ ცხოველები სრულყოფილად აღვრიცხოთ ფერმიდან დახლამდე. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ძროხებსა და ცხვრებზე, არამედ სხვა ცხოველებზეც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ უსაფრთხოებას, ცხოველთა იდენტიფიკაციას, თუ საიდან მოდის ცხოველური პროდუქტი. ამ პროექტის მთავარი მიმართულება არის ცხოველთა იდენტიფიკაციის პროგრამა და ამ ასპექტს თავად ფერმერები წარმოადგენენ, მათ უნდა სჯეროდეთ, რომ ამ პროექტის განხორციელება, მისი შემოსავლისთვის სასარგებლო იქნება. ამ შემთხვევაში ფერმერი დაავადებების უკეთ გაკონტროლებას შეძლებს, – განუმარტა რაიმუნდ იელემ „ბიზნესპარტნიორს.“

https://1tv.ge/video/qartveli-fermerebis-mkhardasacherad-sagranto-konkursi-iwyeba/

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობამ 1459 შეადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების …