უნგრეთის მთავრობის მიერ განსაზღვრული დეფიციტური პროფესიების მქონე საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში დასაქმების შესაძლებლობას მიიღებენ

უნგრეთის მთავრობის მიერ განსაზღვრული დეფიციტური პროფესიების მქონე საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში დასაქმების შესაძლებლობას მიიღებენ.

უნგრეთის მთავრობამ საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც შესაძლებლობა ექნებათ დროის განსაზღვრული პერიოდით გამარტივებული წესით მიიღონ უნგრეთში სამუშაო ნებართვა. ამის შესახებ საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელიც ბუდაპეშტში ილია დარჩიაშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

„მოხარული ვარ, რომ უნგრეთის ყველაზე მოთხოვნად სექტორებში საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გამარტივებული მექანიზმის დანერგვა არის ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა. მადლობას ვუხდი უნგრელ პარტნიორებს მზადყოფნისთვის, რომ საქართველო შეტანილ იქნას იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც სარგებლობენ აღნიშნული გამარტივებული პროცედურებით. ეს ფაქტი ჩვენი ქვეყნისადმი უნგრეთის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.” – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა აუდიენციის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მხარეები დამატებით იმუშავებენ უნგრეთის მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილების იმპლემენტაციის მიმართულებით.

მინისტრების შეხვედრზე ასევე განხილული იქნა საქართველოსა და უნგრეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით. მისივე თქმით, კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა, რაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მინისტრები შეთანხმდნენ წლის ბოლომდე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ჩატარების შესახებ, რომელიც დამატებით შესაძლებლობებს გახსნის ამ მიმართულებით.

ხაზი ასევე გაესვა ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას. ამ კონტექსტში აღინიშნა ავიაკომპანია Wizz Air -ის მიერ ქუთაისის აეროპორტიდან რეისების რაოდენობის გაზრდის მნიშვნელობა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

“საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული ფაქტია, რომლითაც ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფოა და იგი ევროკავშირის წევრი გახდება. ეს გახლავთ წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის და იმ მაღალი დონის ინტეგრაციის აღიარება, რომელიც დღეს არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის.” – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

მან პიტერ სიაარტოს მადლობა გადაუხადა უნგრეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის.

საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას და ამ მიმართულებით მუშაობას. მინისტრები ასევე მიესალმნენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.

2022 წლის 29 ივლისს, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი უნგრეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კაბინეტის მინისტრთან, გერგელი გულიაშთან.

 

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიოში სატრანსპორტო და სხვა საოპერაციო ხარჯები მკვეთრად გაზარდა, რაც, თავის მხრივ, თითქმის ყველა სახის პროდუქტის საბოლოო ფასზე აისახა – გვენეტაძე

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კობა გვენეტაძეს უსმენენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ წუთებში ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობასა …