სოფლის მოსახლეობის ინიციატივები 1 მლნ ლარით დაფინანსდა

ბოლო სამი წლის განმავლობაში,  სოფლად მცხოვრებმა 600-ზე მეტმა  ადამიანმა FAO-ს და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) პროექტის სათემო თუ ინდივიდუალური საგრანტო დაფინანსება მიიღო. ერთობლივი პროექტი, რომელიც სოფლისა და თემის განვითარებას, მოსახლეობის კომერციული საქმიანობის გაძლიერებას, შემოსავლების ზრდას, სოფლად მცხოვრები ქალების შრომის დაზოგვას ისახავს მიზნად,   შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თემებში განხორციელდა. ინვესტიციების დახმარებით,  მაცხოვრებლებს საშუალება მიეცათ, თემში არსებული ძირითადი პრობლემები გადაეჭრათ – მოეგვარებინათ სასმელი თუ სარწყავი წყლის პრობლემა, საჭირო მოწყობილობებით აღეჭურვათ ამბულატორია თუ სკოლა. გარდა ამისა, მათ დაუფინანსდათ ინიციატივები მეფრინველეობის, მეფუტკრეობის, რძის წარმოების და სხვა დარგებში.

,,სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტი საქართველოში”  2018 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს როგორც სამიზნე თემების (შიდა ქართლის რეგიონი – ატენი და ფლევი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი – ტვიში და სორი) გაძლიერებას, ისე – ცალკეული ადამიანების შესაძლებლობების გაზრდას და მათ აქტიურ ჩართვას საკუთარი სოფლის განვითარებაში. ამ მიზნით გაცემულმა ინდივიდუალურმა და სათემო საგრანტო დაფინანსებამ პროექტის ფარგლებში 1 მილიონი ლარი შეადგინა და მან სამიზნე სოფლებში საოჯახო მეურნეობების თითქმის მესამედი მოიცვა: 1694 საოჯახო მეურნეობიდან  – 411.

სამიზნე სოფლების მაცხოვრებლებმა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფები შექმნეს და, მონაწილეობით პრინციპებზე დაყრდნობით, თემის განვითარების გეგმები შეიმუშავეს, რომლებიც თემის ძირითად სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებსა და განვითარების ხედვას ასახავს. FAO-მ, ADC-ის ფინანსური მხარდაჭერით, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, სწორედ ამ გეგმებში გამოხატულ პრიორიტეტულ მიმართულებებში გასწია სხვადასხვა ინვესტიცია.

ვასილ ლოთიშვილი ერთ-ერთია იმ 104 ადამიანიდან, რომელმაც პროექტის ფარგლებში ინდივიდუალური ტიპის გრანტი მიიღო.  ოთხშვილიანი ოჯახის შესანახად სოფელ ატენის დატოვება და თბილისში სხვადასხვა სამუშაოს ძიება საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ ვასილმა სოფელში დაბრუნება და მეფრინველეობის ფერმის მოწყობა გადაწყვიტა. ამაში მას FAO-ს ,,სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტის“ საგრანტო დაფინანსება დაეხმარა. ახალი საქმის დაწყებასთან ერთად, დიდი ხნის სურვილებიც აისრულა: ჯანსაღ პროდუქტს აწარმოებს და კვლავ მშობლიურ სოფელში ცხოვრობს.

„მრავალშვილიანი ოჯახი მაქვს და მქონდა პრობლემა ნატურალური პროდუქციის შეძენის – კვერცხის, ქათმის, რაც ბავშვებისთვის აუცილებელია. დავიწყე  40- 50 ქათმით, რაც ოჯახის გამოსაკვებად მჭირდებოდა და მივმართე FAO-ს. გვერდში დამიდგნენ ყველანაირად. ახლა უკვე 650-700 ქათამი მყავს, პირველი გრანტი 75%-იანი იყო, 25%-ის თანადაფინანსებით და აქ რაც მასალებს ხედავთ, ვოლიერები, აუზი , მილები – ყველაფერი FAO-ს დახმარებით შევიძინე“, – ამბობს ვასილი და ფერმაში სიმეტრიულად და სუფთად ჩამწკრივებულ მწვანე ნაგებობებზე მიუთითებს, – „ჩემი მიზანია, ვაწარმოო ნატურალური პროდუქცია არა მარტო ჩემი ოჯახისთვის, არამედ, ყველა შემსყიდველისთვის“.

იმავე პროექტის ფარგლებში, ინდივიდუალურთან ერთად, შიდა ქართლისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების ჩართულობით, სათემო გრანტებიც გაიცა.

მაგალითად, პროექტის ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ტკოცაში სკოლის მოსწავლეებისთვის სამეცნიერო ლაბორატორიები აღიჭურვა. დღეს უკვე ანატომიის, ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის მოყვარულ ტკოცელ მოსწავლეებს ცდებისთვის საჭირო ნივთიერებები და სინჯარები, ადამიანის აგებულების სამგანზომილებიანი გამოსახულებები და სხვა საინტერესო სამეცნიერო აღჭურვილობა აქვთ.

„ლაბორატორიების შემოტანა სკოლაში ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, გაიზარდა მოტივაცია ამ საგნების მიმართულებით,“ – განაცხადა სკოლის დირექტორმა, ლიანა ლომიძემ და მსგავსი აღჭურვილობის სოფლის განვითარებისთვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი: “ახლა 21-ე საუკუნეა. მოთხოვნილებები გაიზარდა. ამ პირობებს თუ სკოლაში ვერ დაინახავენ, მოსწავლეები სხვაგან წავლენ. ლაბორატორიები, ისევე, როგორც სხვა აქტივობები რომლებიც ხორციელდება სკოლაში…, ვფიქრობ, ერთგვარი ფაქტორია სოფლის მოსახლეობის სოფელში დამაგრებისთვის. ძლიერი სკოლა – ძლიერი სოფელი; ხოლო  ძლიერი სოფელი არ იქნება, თუ იქ ხალხი არ იცხოვრებს“.

მთლიანობაში, პროექტის ფარგლებში, 4 თემში 200 000 ლარამდე ოდენობის 10 სათემო გრანტი გაიცა. დაფინანსება სოფლებში წყლისა თუ სარწყავი სისტემების გამართვას, სასკოლო საფეხბურთო გუნდის აღჭურვასა თუ სხვა, ერთმანეთისგან განსხვავებულ, მაგრამ ცალკეულ თემებზე მორგებულ საჭიროებებს მოხმარდა; იმ მიმართულებებს, რაც ამა თუ იმ თემს, მათივე გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის ცხოვრების განვითარებაში დაეხმარეობდა. მსგავსი პრინციპით შეირჩა ინდივიდუალური გრანტებიც, რომელთა საერთო ბიუჯეტმა 2018-2021 წლებში დაახლოებით 800 000 ლარი შეადგინა.

„როცა სოფლის განვითარების მხარდაჭერაზე ვმუშაობთ, მნიშვნელოვანია, რომ საგრანტო კომპონენტის გარდა, სოფლებში ინკლუზიურ პროცესს და ჩართულობას დავუჭიროთ მხარი, რათა ჩვენი ნაბიჯები როგორც საერთო, ისე ინდივიდუალურ საჭიროებებს  პასუხობდეს“, – განაცხადა ბექა ძაძამიამ, პროექტის მენეჯერმა. „2021 წელი, პანდემიის გამო, რთული იყო. თუმცა, ამდენი შეფერხების მიუხედავად, ვფიქრობ, მაქსიმუმი გავაკეთეთ, რათა ამ კონკრეტული სოფლების მოსახლეობისა და თემების საჭიროებებისთვის გვეპასუხა და მათი გაძლიერებისთვის ხელი შეგვეწყო“.

ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში მეოთხე ეტაპის საგრანტო კონკურსი მიმდინარეობს. ,,სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტი საქართველოში” 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …