სოფლის მეურნეობის დარგს აუცილებლად სჭირდება სუბსიდირება, თუმცა სუბსიდირება უნდა იყოს გონივრული – აგრო სოლუშენ ჯგუფი

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა აქტიურ ფაზაშია. ვაშლის ჩაბარების პროცესი 11 დღეა მიმდინარეობს და ამ დრომდე საწარმოებმა 4 ათას ტონამდე ნედლეულად ვარგისი ვაშლი ჩაიბარეს. სამრეწველო ვაშლი წელს 24 თეთრი ღირს, საიდანაც 10 თეთრს ფერმერს სახელმწიფო უხდის.

სუბსიდირების პროგრამის თავისებურებაზე BMG „აგრო სოლუშენ ჯგუფის“ დირექტორს დიანა ბერია ესაუბრა. ის ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის დარგს სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული დახმარება სჭირდება თუმცა ეს გონივრულად უნდა განხორციელდეს.

„სოფლის მეურნეობის დარგს აუცილებლად სჭირდება სუბსიდირება, თუმცა სუბსიდირება უნდა იყოს გონივრული. არ შეიძლება, სახელმწიფომ ყველაფრის სუბსიდირება განახორციელოს. არ შეიძლება ფერმერს მოვუწოდოთ, რომ რაღაცას თუ არასტანდარტულს ან ხარისხთან შეუსაბამოს მოიყვანს, ამის სუბსიდირებას გავაკეთებთ. პირიქით, ეს შეიძლება მოტივაციის დაკარგვა იყოს მისთვის და არც იფიქროს განვითარებაზე“, – ამბობს დიანა ბერია.

მისი აზრით, უმჯობესი იქნება სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხა ფერმერის განათლებაზე, მისთვის პრაქტიკული ცოდნის მიცემასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომის გაზრდაზე დაიხარჯოს.

„ამით ფერმერი მოიყვანს უფრო მაღალი ხარისხის მოსავალს და მეტ ფინანსურ სარგებელსაც მიიღებს. შედეგად, სუბსიდირება მას აღარ დასჭირდება. როდესაც ფერმერის ინფორმირებაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ არა მხოლოდ თეორიულს, არამედ პრაქტიკულ მაგალითებსაც. ფერმერი ჩართული უნდა იყოს თითოეულ მოქმედებაში და ასეთ დროს შედეგი აუცილებლად დაიდება.

როდესაც რომელიმე რეგიონში გარკვეული ინვესტიცია ხორციელდება და სრულად ტექნოლოგიურად აღჭურვილი ბაღი შენდება, ადგილობრივი ფერმერები ნახულობენ, რა შედეგი დადო თანამედროვე მიდგომებით მოყვანილმა მოსავალმა, ეს მათთვის არის მოტივაცია. ამიტომაც, კარგი იქნება, მაგალითად, სახელმწიფომ სადემონსტრაციო ბაღები გააკეთოს და ფერმერებს აჩვენოს შედარება – როგორია თანამედროვე ტექნოლოგიით და მის გარეშე გაშენებული ბაღი“, – განაცხადა დიანა ბერიამ.

BM.ge-ს მიერ სოფლის განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან დახარჯულია სულ 12 მლნ ლარი. კერძოდ, „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა“ სამჯერ განხორციელდა და ბიუჯეტის ფაქტიური ათვისება 2014 წელს იყო – 3,470,134 ლარი, 2020 წელს – 4,997,824 ლარი, 2021 წელს – 3,641,272 ლარი. წელს ამ პროგრამისთვის 4 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება.

 

წყარო: bm.ge

შემთხვევითი სიახლე

შეიძინე eSIM silknet.com-დან

ვირტუალური მობილური ნომერი ბევრი მომხმარებლისთვის  უფრო კომფორტული აღმოჩნდა, განსაკუთრებით  მათთვის, ვისაც  ხშირად უწევს მობილურ მოწყობილობაში …