სოფლის განვითარება მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოებაში – UNDP

სოფლის განვითარება მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოებაში. საქართველოს სოფლის განვითარების რეფორმის წარმატება, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკისა და სტანდარტების გათვალისწინებით მიმდინარეობს, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სოფლის განვითარების სააგენტოსთან, რათა რეფორმის პროცესი სათანადოდ წარიმართოს და საქართველომ ეფექტიანად გამოიყენოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, ესტონეთისა და ლატვიის გამოცდილება.

ევროკავშირის ამ ორმა ქვეყანამ თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია სოფლის განვითარების მხრივ. მათ შეუძლიათ ექსპერტული და სხვა სახის დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს და ხელი შეუწყონ ინსტიტუციური, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული სისტემების შესაბამისობაში მოყვანას ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკასთან.

აღნიშნული პოლიტიკა ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედებს და სოფლის თანასწორ და მწვანე განვითარებას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება. მისი ქვაკუთხედია განვითარებული და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობა და სატყეო სექტორი, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია, დასაქმება და სოფლის მოსახლეობისა და ეკონომიკის დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება.

ივნისის ბოლოს, ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ესტონეთსა და ლატვიას ეწვია და სოფლის განვითარების სფეროში თანამშრომლობის გზებზე შეთანხმდა.

საქართველოს სოფლის განვითარების სააგენტომ და ლატვიის სოფლის ხელშეწყობის სამსახურმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესახებ.

„სოფლის განვითარების მხრივ, საქართველომ ბოლო ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. დაინერგა სოფლის განვითარების პროგრამები, განხორციელდა შესაბამისი ინსტიტუციური რეფორმა, დაიწყო ევროკავშირის მიერ აღიარებული მიდგომების, მათ შორის, LEADER-ისა და თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების დანერგვა და განხორციელება. ესტონეთსა და ლატვიასთან პარტნიორობა კიდევ უფრო დააჩქარებს ამ რეფორმებს, დაგვეხმარება, რომ საქართველოს სოფლის განვითარების პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკასთან სრულ შესაბამისობაში მოვიყვანოთ და ახალი შესაძლებლობები შევქმნათ სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

„ევროკავშირი ხელს უწყობს სოფლის განვითარების რეფორმას და ამ უმნიშვნელოვანესი სექტორის მოდერნიზებას საქართველოში. ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმები მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ სოფლის ეკონომიკამ სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნოს, ხოლო მისი სამომავლო ზრდა მწვანე განვითარებისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის პრინციპებს დაეფუძნოს“, – აღნიშნა ქეთევან ხუციშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა.

„საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი სოფლად ცხოვრობს. სოფლის მდგრად განვითარებას გადამწყვეტი როლი ენიჭება ისეთი მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად, როგორიცაა სიღარიბისა და უთანასწორობის აღმოფხვრა და გარემოსდაცვით საფრთხეებთან გამკლავება. სოფლის მაცხოვრებლები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ გადაწყვეტილების მიმღები პირების, კერძო სექტორის, საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულების მხრიდან. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი თანამედროვე და წარმატებული სოფლის ეკონომიკის აშენება ადამიანებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ნიკ ბერესფორდმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს სოფლის განვითარების მრავალწლიანი მხარდამჭერები არიან. სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 600 მილიონ ლარს (179.5 მილიონ ევროს) შეადგენს. ამ დახმარების მიზანია სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა. მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://eu4georgia.eu/enpard

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიოში სატრანსპორტო და სხვა საოპერაციო ხარჯები მკვეთრად გაზარდა, რაც, თავის მხრივ, თითქმის ყველა სახის პროდუქტის საბოლოო ფასზე აისახა – გვენეტაძე

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კობა გვენეტაძეს უსმენენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ წუთებში ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობასა …