სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯია“ 75 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „ ენერგო პრო ჯორჯია“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 75 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სალიცენზიო პირობების, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევა, სემეკისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
სემეკში შესული რამდენიმე კომპანიის მიმართვის საფუძველზე, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ დაევალა სოფელ სართიჭალაში ხარისხთან შეუსაბამო ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება. სემეკის წარმომადგენლების მიერ ადგილზე საკითხის შესწავლისას დაფიქსირდა, რომ გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმები უხეშად იყო დარღვეული, მათ შორის დაბალი ძაბვის გამანაწილებელ ქსელში არსებულ საყრდენებზე განთავსებული მრიცხველების კარადები არ იყო დაკეტილი და წვდომა შეეძლო ნებისმიერ პირს, რიგ შემთხვევებში დაზიანებული იყო კაბელების იზოლაცია და წარმოადგენდა საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის. ამასთან, საბავშვო მოედანთან განთავსებულ საყრდენზე მოწყობილი აღრიცხვის კარადები არ იყო დაკეტილი და შეინიშნებოდა შემავალი და გამავალი კაბელების იზოლაციის დაზიანებები.
სემეკმა სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ დაავალა დარღვევების სრულად გამოსწორება. განსაზღვრულ ვადებში ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიამ სემეკს აცნობა შესაბამისი სამუშაოების დასრულებისა და პრობლემის მოგვარების შესახებ, თუმცა, სემეკის მიერ ხელახალი გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ არ ჰქონდა სრულად შესრულებული გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების შესაბამისობასთან მოყვანის სამუშაოები.
სემეკის გადაწყვეტილებით, დარღვევების აღმოსაფხვრელად სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ დამატებით განესაზღვრა ვადა. კომპანიამ მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე სემეკში უნდა წარადგინოს დეტალური ინფორმაცია სრულად შესრულებული სამუშაოების შესახებ.

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სექტორში ქალების ხელშეწყობის მიზნით სემეკში მიმდინარე მენტორობის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული ქალების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მიმდინარე …