სებ-მა ღია ბანკინგში ჩართვის წესი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ღია ბანკინგში ჩართვის წესი დაამტკიცა. აღნიშნული წესი განსაზღვრავს იმ აუცილებელ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საბროკერო კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სესხის გამცემი სუბიექტი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, რომელსაც სურს ჩაერთოს ღია ბანკინგში, ასევე ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერად და გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის მსურველი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი ვალდებულია მუდმივად აკმაყოფილებდეს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ღია ბანკინგში ჩასართავად განცხადებით მიმართვის და შესაბამისი თანხმობის მიღების ვალდებულებისა.

ღია ბანკინგში ჩართვის წესის მიზანია, ერთი მხრივ, მოაწესრიგოს სუბიექტების ღია ბანკინგში ჩართვის პროცესი და, მეორე მხრივ, უზრუნველყოს ღია ბანკინგში ჩართული სუბიექტების მიერ მიწოდებული მომსახურების გამართულობა, სანდოობა და დაცულობა.

ღია ბანკინგში ჩასართავად სუბიექტმა:

ა) უნდა დააკმაყოფილოს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 (გადახდის ინიციირების მომსახურების განხორციელების შემთხვევაში) პუნქტებითა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმები და მიიღოს თანხმობა ღია ბანკინგში ჩართვაზე საქართველოს ეროვნული ბანკისგან (შემდგომში – ეროვნული ბანკი);

ბ) უნდა განახორციელოს საკუთარი მომსახურების წინასწარი ტესტირება კომერციული ბანკის სატესტო გარემოში, რომლის დასრულების შემდეგ (ასევე, სადაც რელევანტურია რეგისტრაციის შემდეგ) შეუძლია დაიწყოს ფუნქციონირება რეალურ გარემოში.

კომერციული ბანკი (საჭიროების შემთხვევაში), აგრეთვე სუბიექტი უფლებამოსილია, ღია ბანკინგში ჩართვის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან ან ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერად და გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის შესახებ ეროვნული ბანკისთვის განცხადებით მიმართვის მომენტიდან გამოიყენოს კომერციული ბანკის სატესტო გარემო.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი …