საქართველო ღვინის სამშობლოა, მას მაღალი პოტენციალი აქვს სხვადასხვა აგროკულტურის განვითარების კუთხით – FAO-ს გენერალური დირექტორი

„საქართველო ღვინის სამშობლოა, მას მაღალი პოტენციალი აქვს სხვადასხვა აგროკულტურის განვითარების კუთხით, რომელსაც შეუძლია ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს საერთაშორისო ბაზრებზე”, – განაცხადა FAO-ს გენერალურმა დირექტორმა, ქიუ დონჟუმ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან შეხვედრაზე, რომელიც ქ.რომში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათაო ოფისში გაიმართა.
„ვაფასებთ FAO-სა და საქართველოს მთავრობის წარმატებულ თანამშრომლობას და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით FAO-ს, საქართველოს მთავრობის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში მუდმივი მხარდაჭერისათვის. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორია. ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ FAO-ს მხარდაჭერით. ვფიქრობ, მომავალშიც ეფექტიანი თანამშრომლობა გვექნება”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
შეხვედრაზე, ოთარ შამუგიამ ვრცლად ისაუბრა საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. მინისტრმა გენერალურ დირექტორს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების 2021-2027 წლის სტრატეგიის ძირითადი მიზნები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტულია აგრარული სექტორის განვითარება, რისთვისაც უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. შედეგად, გაიზარდა ადგილობრივი წარმოება, ქართული პროდუქციის ექსპორტი, გრძელდება ბაზრების დივერსიფიცირების პროცესი. თუმცა, თანამედროვე ცოდნასა და ახალ ტექნოლოგიებზე წვდომა ქვეყნისთვის კვლავაც გამოწვევად რჩება.
ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა, ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის წარდგენის პარალელურად, საქართველოს აგრარულ სექტორში ევროპული სტანდარტების და რეგულაციების დანერგვის მნიშვნელობაზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროგრამები და ტექნიკური მხარდაჭერა ქვეყანას ამ მიზნის მიღწევაში ეხმარება.
FAO-ს გენერალურმა დირექტორმა, ქიუ დონჟუმ მადლობა გადაუხადა მინისტრს წარმატებული თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის წარდგენა საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, გააძლიეროს და გარდაქმნას ქვეყნის აგროსასურსათო სექტორი. ქიუ დონჟუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული, ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომელსაც რაციონალური გამოყენება სჭირდება. მომავალში FAO აქტიურად გააგრძელებს ქართულ მხარესთან თანამშრომლობას.
სოფლის მეურნეობის განვითარების ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან შეხვედრა მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის 50-ე სესიის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს 130-მდე ქვეყნის მინისტრი და მაღალი რანგის დელეგატი ესწრებოდა.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში და რომში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში კონსტანტინე სურგულაძე ესწრებოდნენ.

 

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიოში 5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 დეკემბერს, მსოფლიო კონკურენციის დღე, სხვადასხვა აქტივობებით, 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო …