საქართველოში პერუს ელჩი: ტურისტული პოტენციალის ასათვისებლად მნიშვნელოვანია მისი ბრენდად შეფუთვა

თბილისი (BPI) – რა პოტენციალი აქვს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და კონკრეტულად რომელ სფეროებშია შესაძლებელი თანამშრომლობა? -აღნიშნულ თემაზე საქართველოში პერუს ელჩმა, მარიას მილაგროს კასტანიონ სუანემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს ისაუბრა.

მისი განმარტებით, საქართველოსა და პერუს ტურიზმის მიმართულებით საერთო ენის გამონახვა შეუძლიათ. ორივეს შეუძლიათ, საკუთარი გამოცდილების გაზიარებით ერთმანეთს ბევრი რამ ასწავლონ. გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო მიმართულებების გააქტიურების საკითხიც დღის წესრიგში დგას.

როგორც საქართველოში პერუს ელჩი აღნიშნავს, საქართველოში ორივე ქვეყნის საერთო ინტერესების დაახლოების მიზნით ჩამოვიდა, რაშიც პირველ რიგში ტურიზმი იგულისხმება. სწორედ ამიტომ ისა  რამდენიმე დღის განმავლობაში  საქართველოში მოქმედ ტუროპერატორებთან შეხვედრასაც გეგმავს.

მარიას მილაგროს კასტანიონ სუანე სავაჭრო და საინვესტიციო მიმართულებების გააქტიურების პერსპექტივასაც განიხილავს. მისი თქმით. ამ კუთხით არსებულ პოტენციალს ის რამდენიმე ქართველ მეწარმეს სპეციალურ ვახშამზე გააცნობს. როგორც ელჩი აცხადებს, ის საქართველოში იმიტომ ჩამოვიდა, რომ ორი ქვეყნის საერთო ინტერესებს გაუსვას ხაზი.

როგორიც გახლავთ პერუს, როგორც ტურისტული ცენტრის დაწინაურება სამხრეთ ამერიკაში და ეს პოტენციალი საქართველოსაც აქვს. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და პერუს ამ მიმართულებით საერთო ენის გამონახვა შეუძლიათ. მართალია, ჩვენ გეოგრაფიულად შორს ვართ, მაგრამ მანძილი არც ისე შორია, გააჩნია რა კუთხით შევხედავთ. მიმდინარე კვირაში ტურისტულ ოპერატორებთან ლანჩი გვაქვს დაგეგმილი. ვახშამი გვექნება სამეწარმეო სფეროს რამდენიმე წარმომადგენელთან, რადგან გვსურს, მათ პერუში ინვესტიციების ჩადებისა და იმპორტექსპორტის შესაძლებლობები გავაცნოთ. გვსურს, ასევე სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის ფორმატში ამჟამად არსებული პროექტები წარვუდგინოთ“, – განაცხადა საქართველოში პერუს ელჩმა.

მისივე განცხადებით,ვიზა რეალური პრობლემა არ არის და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების შემდეგი ეტაპის წარმატებით გავლა პერუსა და საქართველოს შორისაც გაამარტივებს ურთიერთობებს.

ვიცი, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის შემდეგ ეტაპზე გადახვედით და ეს უკვე კარგიაპერუც სწორედ იმავე ეტაპზე იმყოფება. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, როცა ევროკავშირთან ამ ეტაპს გაივლით, ჩვენთვის უფრო მარტივი იქნება, რომ საქართველოსთან ამ მიმართებითაც დაახლოებით იგივე ნაბიჯები გადავდგათ. ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ საერთაშორისო ეკონომიკური განვითარება პერუზე ადრე დაიწყეთ, ორივე ერთი მიმართულებით მივდივართ. გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან, კანადასთან, მექსიკასთან, იაპონიასთან და ესპანეთთან. ლიმაში მოხვედრის გზები თქვენთვის რთულია, მაგრამ პერუელსაც არა აქვს პირდაპირ აქ მოხვედრის შესაძლებლობა. თუმცა პერუში მოხვედრის ძალიან ბევრი გზა არსებობს“, – აცხადებს, მარიას მილაგროს კასტანიონ სუანე.

მისივე განმარტებით, აუცილებელია ქართველ ტიპლომატებს ჩაუტარდეს ტრეინინგები როგორ წარმოადგინონ თქვენი ქვეყანა მიმზიდველ ტურისტულ ადგილად. მარიას მილაგროს კასტანიონ სუანეს განმარტებით,ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ათვისებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი ბრენდად შეფუთვის და საერთაშორისო არენაზე მისი ცნობადობის გაზრდის საკითხი, რაშიც პერუელი დიპლომატები ძალიან აქტიურად არიან ჩართული. მარიას მილაგროს კასტანიონ სუანეს თქმით, ამ მიზნით ისინი სპეციალურ ტრენინგებს გადიან და კარგი იქნებოდა, ეს ცოდნა ქართველი კოლეგებისთვის გაეზიარებინათ.

უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ტურისტული ოპერატორებისთვის არის, თუ როგორ შევფუთავთ ჩვენს ქვეყანას, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილს. ამ მიმართულებით, ძალიან აქტიური სააგენტო გვაქვს, მაგრამ მას ყველგან არა აქვს წარმომადგენლობა. ასეთი წარმომადგენლობა არის მოსკოვსა და თურქეთში, მაგრამ საქართველოსა და აზერბაიჯანში ასეთი ფილიალები არ არის. მე ამ სააგენტოს წარმომადგენელი ვარ აქ და ყველას გავლილი გვაქვს ტრენინგი, თუ როგორ წარმოვადგინოთ პერუ მიმზიდველ ტურისტულ ადგილად. ვფიქრობ, კარგი იქნება, თქვენს დიპლომატებს ტრენინგი ჩავუტაროთ, თუ როგორ წარმოადგინონ თქვენი ქვეყანა მიმზიდველ ტურისტულ ადგილად. ამ მხრივ, აუცილებელია ბრენდის შექმნა. ჩვენ ყველანი მოხიბლული ვართ ჩვენი ბრენდით და ვატარებთ მაისურებს, რომელზეც ეს ბრენდია აღბეჭდილი. ეს დაგვეხმარა პერუ ყველგან ტურისტული დანიშნულების ადგილად წარგვედგინა. მომეწონა თქვენ ამ მიზნით ეკრანზე ფოტოებს რომ ათავსებთ, მაგრამ კიდევ ბევრი სხვა რამის გაკეთება შეიძლება. პერუ ტურისტებს დამატებით ძალიან ბევრ საინტერესო რამეს სთავაზობს. შესაბამისად, ბევრი მიმართულებაა, რაშიც შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ, მათ შორის ტურიზმიც, რადგან ამ კუთხით ერთმანეთისაგან უამრავი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ“, – აცხადებს ელჩი.

შემთხვევითი სიახლე

სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე გაზარდა

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ული პუნქტით, 9%-მდე გაზარდა. ნოემბერში …