სამშენებლო  ნარჩენების უკანონო დაყრაზე საჯარიმო სანქციები იზრდება

თბილისი (BPI) – სამშენებლო ნარჩენების უკანონო დაყრასთან დაკავშირებით, საჯარიმო სანქციების გაზრდა იგეგმება. თბილისის მერი ამბობს, რომ ცვლილებები უკვე მზადაა.

ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმა ერთ კუბურ მეტრამდე სამშენებლო ნარჩენის დაყრაზე იყო 200 ლარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 500 ლარი, საკანონმდებლო ინიციატივა კი ითვალისწინებს მის გაზრდას ფიზიკურ პირზე 1000 და იურიდიულ პირზე  3000 ლარამდე.

ძველი კანონმდებლობით, ერთი კუბური მეტრი და მეტი მოცულობის სამშენებლო და სხვა ინერტული ნარჩენების დაყრაზე ჯარიმა ფიქსირებული იყო და ფიზიკური პირის შემთხვევაში, 500 ლარს წარმოადგენდა, ხოლო 1 500 ლარს – იურიდიული პირის შემთხვევაში.

თბილისის მერის თქმით, სამშენებლო ნარჩენებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გადასაჭრელად, ჯარიმების გაზრდა მნიშვნელოვანია.

„საკანონმდებლო ინიციატივით ჩვენ ვაკეთებთ გრადაციას, რომლის მიხედვით, ერთიდან 10 კუბურ მეტრამდე ჯარიმა ფიზიკურ პირისთვის იქნება 3 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის 6 000 ლარი. 10-დან 50 კუბურ მეტრამდე სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენების დაყრაზე ჯარიმა იქნება ფიზიკური პირისთვის 10 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის – 30 000 ლარი. 50 ან 50-ზე მეტი კუბური მეტრის შემთხვევაში, ჯარიმა ფიზიკური პირისთვის იქნება 30 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის 50 000 ლარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება.

 

შემთხვევითი სიახლე

1 დოლარი 2.9573 ლარი ღირს

თბილისი (BPI) – 5 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 2.9573 ლარი შეადგინა. …