რომეო მიქაუტაძემ ავსტრიული კომპანიის „ვერბუნდის“ წარმომადგენლებთან ენგურჰესის ციფრული მმართველობის დანერგვის საკითხი განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ავსტრიული კომპანიის „ვერბუნდის“ წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ენგურჰესის ციფრული მმართველობის დანერგვის მიზნით იმყოფებიან.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ენგურჰესის ციფრულ მმართველობაზე გადასვლის პროექტს ავსტრიული კომპანია ქართულ „იუჯითისთან“ თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი ამჟამად განხორციელების პირველ ეტაპზეა, რაც არსებული ვითარების სიღრმისეულ ანალიზსა და მომდევნო საფეხურისთვის საჭირო ტექნიკურ დავალებას მომზადებას ითვალისწინებს.

მინისტრის პირველი მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ენგურჰესის, რომელიც ქვეყნის ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია, ციფრულ მმართველობაზე გადაყვანა უმნიშვნელოვანესია მისი უფრო მეტად ეფექტური, უსაფრთხო, ოპერატიული და მდგრადი ფუნქციონირებისთვის. რომეო მიქაუტაძის თქმით, ენერგეტიკული ბირჟის გახსნის მომენტისთვის ადამიანურ ფაქტორებთან დაკავშირებული ხარვეზები და რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. „ამასთან, საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში, ეს იქნება ციფრული მმართველობის დანერგვის პრეცედენტი. ციფრული მმართველოს შესახებ პროექტი ენგურჰესის მოკლევადიანი სტრატეგიული გეგმის ნაწილს წარმოადგენს,“ – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ავსტრიული კომპანიის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრას საქართველოს ელექტროსისტემაშიც გამართავენ. ამასთანავე, იგეგმება უცხოელი სპეციალისტების ვიზიტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რათა ისინი იქ განთავსებულ ენგურჰესის ნაგებობებს ადგილზე გაეცნონ.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დეკემბერში გამოცხადდა ტენდერი, რომელიც ენგურჰესის ციფრულ მმართველობაზე გადასვლას ითვალისწინებდა. ეს ინიციატივა მოიცავს 3 ეტაპს: 1. არსებული სიტუაციის აუდიტი, ანალიზი და ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრა, რაც პროგრამული უზრუნველყოფისთვის აუცილებელ ფაქტორებს წარმოადგენს; 2. შესაბამის მოწყობილობებთან ერთად პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და 3. ციფრული მმართველობის იმპლემენტაცია/დანერგვა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების  ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …