რა სამუშაოები ჩაატარა საქართველოს რკინიგზამ ზუგდიდი-ჯვარის უბანზე – კომპანიის განცხადება

თბილისი (BPI) – საქართველოს რკინიგზა ზუგდიდი-ჯვარის უბანზე ჩატარებულ სამუშაოებზე განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს რკინიგზის თბილისი-სოხუმის მთავარი მიმართულების 2193 კილომეტრში, სადგურ ინგირიდან ზუგდიდის მიმართულებით, ზუგდიდი-ჯვარის განშტოებაზე მე-20 საუკუნის 60-იან წლებში, ენგურჰესის კაშხლის მშენებლობასთან დაკავშირებით აშენდა სარკინიგზო ხაზი. ზუგდიდი-ჯვარის უბანზე მოქმედი სარკინიგზო ხაზით, სატვირთო ვაგონები სამშენებლო მასალებს კაშხლის მშენებლობას აწოდებდნენ. ენგურის კაშხლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ზუგდიდი-ჯვარი/ჯვარი ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო და სატვირთო მატარებლები წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მესტიის რაიონებს ემსახურებოდნენ. მე-20 საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ, სარკინიგზო ტვირთების არარსებობის გამო უბანი დარჩა უფუნქციო, 1996 წელს კი ეს ხაზი სამგზავრო და სატვირთო მატარებლებისთვის დაიკეტა. აღნიშნული სარკინიგზო ხაზი წლების განმავლობაში იძარცვებოდა უცხო პირების მიერ. კერძოდ, ხდებოდა საკონტაქტო ხაზებისა და ლიანდაგის ზედნაშენი მასალების დატაცება – ქურდობის ფაქტები.

2006 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე ზუგდიდი- ჯვარის მონაკვეთზე რკინიგზის ლიანდაგის გარკვეული ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა საკონტაქტო ქსელის გარეშე, თუმცა უფუნქციობის გამო აღნიშნულ უბანზე კვლავ დაიწყო ლიანდაგის ზედნაშენი ელემენტების ქურდობა-დატაცება, რითაც სს „საქართველოს რკინიგზას“ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა და სს „საქართველოს რკინიგზის“ მიმართვების საფუძველზე, სამართალდამცავ ორგანოებში აღძრულია არაერთი სისხლის სამართლის საქმე.

ზემოაღნიშნულის გამო, ,,საქართველოს რკინიგზამ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე თავდაცვის სამინისტროებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო ზუგდიდი – ჯვარის სარკინიგზო უბნის 11-35კმ მონაკვეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება. აქვე საგულისხმოა, რომ მე-11 კილომეტრამდე სარკინიგზო ხაზი მოქმედია, რადგან წისქვილ კომბინატისთვის დღესაც გრძელდება ვაგონებით ტვირთების მიწოდება. უფუნქციოდ დარჩენილი, ზუგდიდი-ჯვარის სარკინიგზო უბნის 11-35კმ მონაკვეთზე ტექნიკური მდგომარეობისა და მორალური ცვეთის გამო, შეუძლებელი და არარენტაბელური იყო აქტივების აღდგენა, რადგან ამ აქტივების დიდი ნაწილი წარმოადგენდა ძველ რ-43 და რ-50 ტიპის უვარგის ზედნაშენ მასალებს (რომელთა შესყიდვას „საქართველოს რკინიგზა“ აღარ აწარმოებს). ეს მასალები ვეღარ პასუხობდნენ დღეს მოძრავი მატარებლების სიჩქარეს და ტვირთების გადაზიდვისათვის ღერძზე მოსული დატვირთვის მოთხოვნებს. გასათვალისწინებელია, რომ დემონტაჟის მიმდინარეობისას განხორციელდა ამოღებული მასალების ვარგისიანობის მიხედვით დახარისხება, რის შემდეგაც „ძველვარგისი“ მასალები (რკინა/ბეტონის შპალი, რელსი, ქვედი, ჩასადები და საკლემე ჭანჭიკები) გადაცემული იქნა სალიანდაგო სამმართველოებზე შემდგომი გამოყენების მიზნით. დარჩენილი ზედნაშენი მასალები დეფექტების, ცვეთების და კოროზიების გამო აღრიცხულ იქნა, როგორც „ჯართი“ და შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეცა ს.ს. “საქართველოს რკინიგზის“ სათაო ოფისს.

ზუგდიდი-ჯვარის 11-35კმ მონაკვეთზე, რკინიგზის ძალებით, დემონტაჟი ჩაუტარდა მხოლოდ ამორტიზირებულ/უფუნქციო ლიანდაგს, ხოლო მიწის ვაკისი და ხელოვნური ნაგებობები დარჩა რკინიგზის ბალანსზე, რომლებზეც განხორციელდება შესაბამისი მოვლა-შენახვის სამუშაოები. საჭიროების შემთხვევაში ზემოთხსენებულ მონაკვეთზე შესაძლებელი იქნება შესაბამისი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენა”, – ნათქამია განცხადებაში.

 

შემთხვევითი სიახლე

მოირგე სწორი დაზღვევა – „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებლებს ავტოდაზღვევის ახალ კონცეფციას სთავაზობს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებლებს სრულიად  ინოვაციურ ავტოდაზღვევის პროდუქტებს სთავაზობს. მოირგე სწორი დაზღვევა! – კამპანიის მთავარი მესიჯია, …