რატომ გახდა საჭირო ირიგაციის სექტორის რეგულირება

2024 წლიდან სემეკი მელიორაცია – ირიგაციის სექტორის რეგულირებას იწყებს. აღნიშნულ პროცესში სემეკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია-მოვალეობა ტარიფების შემუშავების მიმართულებით განისაზღვრება. როგორც  სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი გიგა ნადირაძე აცხადებს, მოცემულ სექტორში მარეგულირებლის შემოსვლას ორი ძირითადი მიზეზი განაპირობებს, კერძოდ, საუბარია ერთის მხრივ სარწყავი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებლის ჩარჩო პირობების შემუშავებაზე, რათა სისტემამ გამართულად იმუშავოს, ხოლო მეორეს მხრივ, მარეგულირებლის შემოსვლა ხელს შეუწყობს დარგში უფრო მეტი გარანტიის შექმნას, რაც ინვესტიციების ზრდის მიმართულებით დადებითი ეფექტის მომტანი იქნება.

„ხშირად ისმის საკითხი იმასთან დაკავშირებით თუ რატომ გადაწყდა რომ ეს დარგი რეგულირებას დაექვემდებაროს. აქ იმუშავა ორმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმა. პირველ რიგში, როდესაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი განსაზღვრავს ამ დარგის საქმიანობის კრიტერიუმებსა და პრინციპებს, იქ ხდება დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღება და საკანომდებლო ჩარჩოს შემუშავება, რომელიც იცავს როგორც მომხმარებელს ასევე კომპანიას. მომხმარებლის მხარეს არის ის, რომ კომპანიამ უნდა მიაწოდოს შესაბამისი სერვისი და არ მიწოდების შემთხვევაში გამოვიყენებთ შესაბამის ბერკეტებს, ხოლო მეორე მხრივ, კომპანიამ უნდა მიიღოს საჭირო შემოსავალი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელმა დროულად უნდა გადაიხადოს თავისი გადასახადი.

რაც შეეხება მეორე ფაქტორს. როგორც მოგეხსენებათ  ირიგაცია/მელიორაციის დარგში ხორციელდება ინვესტიციები და ჩვენ მოლოდინი გვაქვს რომ ინვესტიციების მოცულობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ამიტომ მეორე ასპექტი რის გამოც მარეგულირებელი შემოვიდა მოცემულ დარგში არის ის, რომ გააჩინოს გარკვეული ტიპის გარანტიები, გაიზარდოს ნდობის ხარისხი ინვესტორების მხრიდან და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვას ამ სექტორში“. აღნიშნა გიგა ნადირაძემ.

აქვე იმსაც შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე სემეკში სექტორის რეგულირებასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, მელიორაციის სექტორის ეფექტიანი რეგულირებისათვის სემეკში სხვადასხვა წესსა და მეთოდოლოგიაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

„ამჟამად, სემეკში ვმუშაობთ პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიაზე, რომლის საფუძველზეც სემეკი მიმდინარე წლის ბოლოს მელიორაციის სექტორისთვის ტარიფებს დაადგენს. ამასთანავე, მუშავდება წყლის მიწოდების წესები, რომელიც პირველად წყალმოსარგებლესა და ირიგაციის სისტემით მოსარგებლეთა შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს დაარეგულირებს. მიმდინარე წელს დამტკიცდება პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასთან/სხვა წყალმომხმარებელთან გასაფორმებელი მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები,“აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …