პოლიტიკურ პარტიებს შორის ფინანსური უთანასწორობა და ფინანსებზე არაეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობა მთავარ პრობლემებად რჩება – კვლევა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2021 წლის 2 აგვისტოდან 13 ნოემბრის ჩათვლით მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების კამპანიის დაფინანსების საკითხები შეისწავლა. კვლევისთვის შერჩეულ იქნა არჩევნებში მონაწილე ის 13 საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს ან წლის განმავლობაში მინიმუმ 100,000 ლარი შესწირეს. როგორც ჯამურად მიღებული შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების მხრივ (თითოეული 27-28 მლნ ლარამდე იყო) მმართველი პარტიის ფინანსები ერთად აღებული დანარჩენი 12 პარტიისას თითქმის ორჯერ აღემატებოდა, რაც პარტიებს შორის ფინანსების უკიდურესად არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს, ეს კი საარჩევნო გარემოს აზიანებს.

საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული შემოსავლები

● 13-მა საარჩევნო სუბიექტმა 2 აგვისტოდან 13 ნოემბრის ჩათვლით მთლიანობაში დაახლოებით 27.8 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, ამ თანხის 65% – 18 მლნ ლარი, მმართველ პარტიაზე – „ქართული ოცნება” მოდიოდა. 3 მლნ ლარით მეორე ადგილზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მესამეზე კი – „ლელო” 2.5 მლნ ლარით;

● სუბიექტების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 85% (23.7 მლნ ლარი) კერძო (შემოწირულებები და საბანკო სესხი) დაფინანსებაზე მოდიოდა და მხოლოდ 15% (4.1 მლნ ლარი) იყო სახელმწიფო დაფინანსება;

● 13 საარჩევნო სუბიექტიდან საარჩევნო პერიოდში შემოწირულება მხოლოდ 11-მა მიიღო ჯამში 22.1 მლნ ლარის ოდენობით, საიდანაც 15.7 მლნ ლარი (ყველა შემოწირულების 71%) „ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა, 2.5 მლნ ლარით მეორე ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ხოლო მესამეზე – 2.3 მლნ ლარით „ლელო” იყო;

● დამატებით გავაანალიზეთ 13 პარტიის მიერ 2021 წლის 1 იანვრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით მიღებული შემოწირულებები, რამაც ჯამში 26 მლნ ლარი შეადგინა: 73% – 18.9 მლნ ლარი „ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა, მეორე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2.8 მლნ ლარით, ხოლო მესამე – „ლელო” 2.4 მლნ ლარით. პარტიების დონორების დაახლოებით მესამედს იმაზე მეტი ჰქონდა შეწირული, ვიდრე საშუალო წლიური ნომინალური ხელფასია საქართველოში (2021 წლის III კვარტლის მონაცემებით, დაახლოებით 16,422 ლარი). ასეთ შემომწირველებზე ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების დაახლოებით 80% მოდიოდა, რაც მათ მსხვილ დონორებზე დამოკიდებულებაზე მიუთითებს;

● საბანკო სესხით მხოლოდ ორმა სუბიექტმა ისარგებლა. პარტიამ „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” 8 სექტემბერს „ლიბერთი ბანკისგან” 12 თვის ვადით 500,000 ლარი ისესხა წლიური 14%-იანი განაკვეთით, ხოლო „ქართულმა ოცნებამ” 12 ნოემბერს ბანკი „ქართუსგან” 1 მლნ ლარი ისესხა 1.5 თვის ვადით 13.75%-იანი განაკვეთით.

საარჩევნო სუბიექტების მიერ გაწეული ხარჯები

● 13-მა საარჩევნო სუბიექტმა 2 აგვისტოდან 13 ნოემბრის ჩათვლით სულ 26.9 მლნ ლარის ოდენობის ხარჯი გაწია, რომლის 67% – 17.9 მლნ ლარი „ქართული ოცნებაზე” მოდიოდა, 3 მლნ ლარის ხარჯით მეორე ადგილზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მესამეზე კი – „ლელო” 2.5 მლნ ლარით;

● საარჩევნო სუბიექტების მთლიანი ხარჯების 65% (17.5 მლნ ლარი) რეკლამაზე მოდიოდა. სხვა კატეგორიებიდან ყველაზე მსხვილი იყო ოფისისა და იჯარის ხარჯი (მთლიანი ხარჯების 13%) და შრომის ანაზღაურება (5%);

● რეკლამაზე ყველაზე მეტი – 12.5 მლნ ლარი „ქართულმა ოცნებამ” დახარჯა, რაც 13 საარჩევნო სუბიექტის ჯამურ სარეკლამო ხარჯის 72%-ს წარმოადგენს. რაც შეეხება რეკლამის კატეგორიებს, ყველაზე დიდი თანხა გარე რეკლამაზე (7.9 მლნ ლარი) დაიხარჯა, შემდეგ კი სატელევიზიო რეკლამის ხარჯი იყო 3.8 მლნ ლარით. გარე რეკლამის ხარჯის უდიდესი ნაწილიც – 90% „ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ორ საარჩევნო სუბიექტს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” ფინანსურ დეკლარაციაში გარე რეკლამის ხარჯი არ ჰქონდა მითითებული, მაშინ როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დამკვირვებლებმა თბილისში ამ სუბიექტების სარეკლამო ბილბორდები დააფიქსირეს;

● შესწავლილმა სუბიექტებმა შრომის ანაზღაურებაზე 1.4 მლნ ლარი დახარჯეს, რაც მათი ჯამური ხარჯების მხოლოდ 5%-ია. თითოეულო საარჩევნო სუბიექტის მიერ შრომის ანაზღაურებაზე გაწეულ ხარჯსა და მის მთლიან ხარჯებთან მიმართებას თუ შევხედავთ, ყურადღებას მიიქცევს „პროგრესისა და თავისუფლების” და „გირჩის” ნულოვანი ხარჯები. გარდა ამისა, კითხვებს აჩენს „ქართული ოცნების” და „გახარია – საქართველოსთვის” მიერ შრომის ანაზღაურებაზე გაწეული მცირე ხარჯები. განსაკუთრებით საყურადღებოა მმართველი პარტიის შემთხვევა, რომელმაც ყველაზე მასშტაბური და ძვირადღირებული საარჩევნო კამპანია ჩაატარა, 18 მილიონ ლარამდე დახარჯა, მაგრამ კამპანიის განმახორციელებელ პირთა ანაზღაურებამ მისი ხარჯების მხოლოდ 1.3% (228,844 ლარი) შეადგინა. შედარებისთვის, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ” ხელფასებზე 1.2 მლნ ლარი (მთლიანი ხარჯების 7.2%) დახარჯა, დაახლოებით 5-ჯერ მეტი, ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ არჩევნებზე დაადეკლარირა. ზოგადად, შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯის დამალვა პოლიტიკურ პარტიებს განსაკუთრებით უადვილდებათ, ვინაიდან მასზე გარე ზედამხედველობა რთულია, შესაბამისად, ამ კატეგორიის ხარჯებს პოლიტიკური კორუფციის განსაკუთრებულად მაღალი რისკები ახლავს თან.

პოლიტიკური კორუფციის ან სხვა ტიპის შესაძლო დარღვევები

● მმართველი პარტიის შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2021 წელს (1 იანვარი – 13 ნოემბერი) ჯამში დაახლოებით 280 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და 7 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იგივე პერიოდში დაახლოებით 3 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ:

o ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შპს „ზიმო” მოხვდა მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის. ამ კომპანიამ წლის განმავლობაში დაახლოებით 13 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერი მოიგო, ხოლო ივანიშვილთან და ამ ბიზნესჯგუფთან სხვადასხვა გზით დაკავშირებულმა 12-მა პირმა „ქართულ ოცნებას” წლის განმავლობაში ჯამში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შესწირა. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფში გაერთიანებული პირები თითქმის ყოველ წელს სოლიდურ თანხებს სწირავენ მმართველ პარტიას და ეს, როგორც წესი, ძალიან მოკლე დროში 1-2 დღის შუალედით ხდება ხოლმე. ასეთ დროს გარკვეული ეჭვი ჩნდება, წინასწარ ხომ არ არის ეს კოლექტიური ქმედება ვინმეს მიერ ორგანიზებული და სხვა პირების მეშვეობით ხომ არ ხდება შეწირვა. ქართული კანონმდებლობით მესამე პირის მეშვეობით შემოწირულების განხორციელება იკრძალება;

o შპს „არალმა”, 2021 წელს 62 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა, დემეტრე თათეშვილმა კი მმართველი პარტიის ყულაბაში 50,000 ლარი შეიტანა. თათეშვილთან დაკავშირებულ კორუფციულ რისკებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ადრეც საუბრობდა;

o აღსანიშნავია შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1″ და შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №2″, რომლებმაც წლის განმავლობაში ჯამში 23 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს, ამ კომპანიების მფლობელმა, ნუგზარ აბალაკმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა, ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა „ქართულ ოცნებას” ჯამში 45,000 ლარი შესწირეს;

o ყურადღებას ასევე იქცევს შპს „ანაგი”, რომელიც არაერთი მსხვილი სახელმწიფო ტენდერის გამარჯვებულია. ამ კომპანიამ 2021 წელს ჯამურად 22 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგო. „ანაგთან” დაკავშირებულმა პირმა, დავით ანდღულაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა გიორგი ჩიტაშვილმა მმართველ პარტიას ჯამში 110,000 ლარი შესწირეს

o კიდევ ერთი კომპანია, რომელიც 10 ყველაზე მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორს შორის მოხვდა, არის შპს „იბოლია”, რომელმაც „ქართულ ოცნებას” 20,000 ლარი შესწირა. ამ კომპანიის, მისი მფლობელის, ყოფილი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის და მისი ოჯახის წევრების კომპანიების მიერ საეჭვო გარემოებებში ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების მიღებაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, ასევე არაერთხელ უსაუბრია.

● აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამხარეო ხელმძღვანელებმა ადგილობრივ ბიზნესმენებს სავარაუდოდ დაავალეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ ფულის შეწირვა. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2-16 აგვისტოს პერიოდში მმართველ პარტიას სამცხე-ჯავახეთიდან 87-მა ფიზიკურმა და 5-მა იურიდიულმა პირმა ჯამში 714,000 ლარი შესწირა. ასეთ მოკლე დროში, ერთი გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული შემოწირულებების ეს ოდენობა საკმაოდ უჩვეულოა და შესაძლოა წარმოადგენდეს გავრცელებული ინფორმაციის არაპირდაპირ მტკიცებულებას. გარდა ამისა, 4 სექტემბერს ტელეკომპანია „პირველის” ეთერშიც გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტებთან საუბარში შემომწირველების ნაწილმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, ზემოთ ნახსენები შეხვედრები და გარემოებები. განხორციელებული შემოწირულებების კანონიერება საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რომლის ინფორმაციითაც, დარღვევა არ გამოვლენილა. მიუხედევად იმისა, რომ აშკარად გამოკვეთილია სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ჩვენი ინფორმაციით, პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია.

საარჩევნო კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობა და მასზე ზედამხედველობა

● საარჩევნო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახური, გარკვეულ დარღვევებზე რეაგირებას ახდენდა და საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. 29 სექტემბერს სამსახურმა პარტიების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, თუმცა, ამის შემდეგ უწყებას მეტი ანგარიში არ გამოუქვეყნებია, რაც მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ საზოგადოების არაინფორმირების პრობლემას აჩენს.

● წინა არჩევნების მსგავსად, ამ საარჩევნო ციკლშიც გამოჩნდა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური განსაკუთრებით არაეფექტიანი არის სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის შემთხვევებზე რეაგირების კუთხით. უწყება არაერთი წელია უკვე ღიად აცხადებს, რომ ძალიან უჭირს პოლიტიკური კორუფციის შესაძლო შემთხვევების შესწავლა, ვინაიდან შესაბამისი ბერკეტები არ გააჩნია.

რეკომენდაციები

● ვინაიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელთ არსებული უფლებამოსილებები არ არის საკმარისი პოლიტიკური კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე, მათ შორის შემომწირველებსა და პარტიებს შორის კორუფციული გარიგებებზე და უკანონო დაფინანსების სქემებზე ადეკვატური რეაგირებისთვის, სასურველია, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო. ეს უწყება აღჭურვილი უნდა იყოს საგამოძიებო უფლებამოსილებებით და სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებსაც უნდა გაუწიოს ზედამხედველობა;

● აუცილებელია, პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივ ბიზნესმენებზე განხორციელებული ზეწოლის სავარაუდო ფაქტებზე, და შეისწავლოს ხომ არ ჰქონდა ადგილი მსგავს შემთხვევებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც;

● სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა დაადგინოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებული იმ ბილბორდების დაფინანსების წყარო, რომლებზეც ოპოზიციური პარტიის ლიდერები და ჟურნალისტები იყვნენ გამოსახული და კანონმდებლობის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები;

● სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა დაადგინოს მიზეზები იმისა, თუ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” რატომ არ წარმოადგინეს საკუთარ დეკლარაციებში გარე რეკლამაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია;

● სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დეტალურად უნდა შეისწავლოს პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ და დაადგინოს, რატომ აქვს ზოგიერთ პარტიას დეკლარირებული არარეალისტურად მცირე თანხა;

● აუცილებელია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე ზედამხედველობის კუთხით მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ შუალედური ანგარიშები გამოაქვეყნოს არჩევნების როგორც პირველი, ისე მეორე ტურის წინ. ასევე, სასურველია, არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამების შემდეგ ამ უწყებამ გამოაქვეყნოს საბოლოო ანგარიშიც;

● სასურველია, პოლიტიკურმა პარტიებმა / საარჩევნო სუბიექტებმა სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ კამპანიების მეშვეობით უფრო მეტი აქცენტი გააკეთონ შემოწირულებების მოზიდვაზე. როგორც წესი, ასეთ დროს პარტიები რამდენიმე მსხვილ დონორზე არ არიან დამოკიდებული და ნაკლებად არიან გახვეული დაფინანსების კორუფციულ სქემებში.

“ამ ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს”, USAID-ის მეშვეობით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” და შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის ანდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს”, აცხადებენ არასამტავრობო ორგანიზაციაში  “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.

 

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რიგით მეხუთე თვინინგის პროექტი დაიწყო

სემეკში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რიგით მეხუთე თვინინგის პროექტი დაიწყო. „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული …