მცირე მეღვინეებს ვაზის იშვიათი ჯიშები გააცნეს

თბილისი (BPI) – ვაზის იშვიათი ქართული ჯიშების პოპულარიზაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მცირე მარნების წარმომადგენლებს და ახალგაზრდა მეღვინეებს ტრენინგი – „იშვიათი აბორიგენული ვაზის ჯიშები მცირე მარნების პრაქტიკაში“ ჩაუტარა.

მონაწილეებმა რეგიონებში მცირედ გავრცელებული, პერსპექტიული ვაზის ჯიშების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და ამ ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს. ტრენინგზე ყურადღება ღვინის ხარისხსა და ამ მიმართულებით არსებულ რეგულაციებზეც გამახვილდა.

„მცირე მარნებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრება სწორედ იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული მაღალი ხარისხის ღვინოებით შეუძლიათ. ამ კუთხით დაინტერესება საკმაოდ დიდია, ამიტომაც ჩვენ ვაგრძელებთ ახალგაზრდა მეღვინეებისთვის იმ იშვიათი ვაზის ჯიშების გაცნობას, რომლებსაც დიდი პერსპექტივა აქვთ.“ – აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის 450-მდე ქართული და 350 უცხოური ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული ჯიშები თავის დროზე სამრეწველო დანიშნულებისთვის გამოიყენებოდა და მისგან უმაღლესი ხარისხის სუფრის ღვინო მზადდებოდა. სწორედ აღნიშნული ჯიშების სამრეწველო მიმართულებაში დაბრუნების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ვაზის ჯიშების აღდგენის პარალელურად, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინოების დაყენებას და მათზე კვლევას ახორციელებს.

შემთხვევითი სიახლე

სეს-მ ხორცის გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შეამოწმეს ქალაქ თბილისში, დ. ჟღენტის 2 ნომერში მდებარე ხორცის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც საქმიანობას ახორციელებდა სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით, კანონმდებლობით დადგენილი აღიარების მინიჭების გარეშე. საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული  შეუსაბამობები, მათ შორის, სანიტარიულჰიგიენური ნორმების, სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევები. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე (65-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). …