მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონი და აღსრულების მექანიზმები – შეხვედრა დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებთან

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებსა და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძეს შორის შეხვედრა გაიმართა. თემა ეხებოდა მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმებსა და აღსრულების პოლიტიკას.

 

შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლაბაძემ.

 

„კანონი უკვე ძალაშია და მის აღსრულებას 1-ელი ნოემბრიდან ვიწყებთ. მიმდინარე რეჟიმშია სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან შეხვედრები, რომელიც უწყებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი – მოვისმინოთ, ვიმსჯელოთ და ერთობლივ ფორმატში განვიხილოთ თქვენს მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები და წინადადებები. მადლობა საინტერესო შეხვედრისთვის, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისთვის. კანონის აღსრულების პროცესში ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით ორიენტირებული დარღვევის პრევენციაზე. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ კანონის ეფექტური აღსრულება, რადგან, ერთის მხრივ, მომხმარებელთა უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული და, მეორეს მხრივ, მოვაჭრეები მაქსიმალურად მომზადებულები, რომ დარღვევები თავიდან ავირიდოთ.’’ – განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.

 

„ჩვენი, როგორც ბიზნეს გაერთიანების მიზანია, კერძო სექტორი მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რასაც მათ საქმიანობაზე ექნება გავლენა. სწორედ, ამ მიზნით მოხარულები ვართ, რომ დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე ჩვენმა წევრმა კომპანიებმა, მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ კომპეტენტური პირებისგან მიიღეს ინფორმაცია და მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდებიან კანონის აღსრულების პროცესს,“ – ლაშა ლაბაძე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.

 

შეხვედრა, რომელსაც 50-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოსალოდნელი გამოწვევების, შესაძლებლობებისა და არსებული გამოცდილების გაზიარების შესახებ საკუთარი პოზიციები წარმოედგინათ და თემის ირგვლივ საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები.

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …