მაიკლ ქაუგილი: აშშ-ში პირდაპირი ფრენების დანიშვნა ინვესტორებს ბიზნესის დაწყებას გაუმარტივებს

თბილისი (BPI) – მაიკლ ქაუგილი, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი საქართველოსა და აშშ-ს შორის ავიამიმოსვლის დაწყებაზე გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანს უწოდებს.

ქაუგილი შეხვედრებს, რომლებიც ამ მიზნით მინისტრმა თურნავამ გასულ კვირას United Airlines-სთან და Delta Airlines-სთან გამართა სასიხარულოს უწოდებს.

“ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით, ვინაიდან ავიაკომპანიები ნახავენ მოგებას, გაიზრდება ბიზნეს მიმოსვლა და, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის გამარტივებული და გაღრმავებული ბიზნეს ურთიერთობები იქცეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების უფრო წარმატებით და დროულად დასრულების საწინდარი. ამასთან, ბევრი სახელმწიფო მოხელეა, რომელსაც ხშირად უწევს ამერიკასა და რეგიონს შორის მოგზაურობა და საქართველო არის ერთგვარი ჰაბი რეგიონში თავისი ”ღია ცის” პოლიტიკით, რომელსაც შეუძლია მოიზიდოს მეტი მოგზაური სხვადასხვა რეგიონიდან, რადგან მათ შეეძლებათ აშშ-ში წასვლა პირდაპირი რეისით.

ეს არის ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია გვსურს და ასევე ხელს ვუწყობთ ამ საქმეს იმ პოლიტიკოსებთან საუბრისას, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში ვიზიტით და მათთან, ვისაც ვაშინგტონში ვხვდებით. ასე რომ, ჩვენ აღსავსენი ვართ ენთუზიაზმით და მინისტრმა თურნავამ იცის, რომ ჩვენ, ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ინიციატივა რეალობად იქცეს.

კიდევ ერთი რამ, რაც უნდა დავინახოთ, არის ის, რომ ყოველწლიურად საქართველოსა და აშშ-ს შორის მიმოსვლა, დაახლოებით, 25%-ით იზრდება და არიან ინვესტორები, რომლებიც პირდაპირი რეისების არარსებობას საქართველოში ბიზნესის დაწყების შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევენ, პირდაპირი რეისების დანიშვნა ინვესტორებს ბიზნესის დაწყებას გაუმარტივებს.
ასე რომ, ჩვენ ვიცით, რომ ამ ინიციატივის განხორციელება ხელს შეუწყობს ბიზნესს, მეტ ინვესტიციებს შემოიტანს და დაეხმარება ტურიზმს, როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოში”, – განაცხადა ქაუგილიმ.

შემთხვევითი სიახლე

მსხვილკაპიტალიანი ბანკების რეიტინგი, ბაზისბანკი – №6

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორის საზედამხედველო კაპიტალი 01.10.2019 -ის მდგომარეობით, ₾7.3  მლრდ-ს აღემატება (01.10.2018 -₾5.9  მლრდ). …