კურორტ გოდერძიზე სასტუმროს მშენებლობის დაწყება გადავადდა

თბილისი (BPI) – აჭარის მთავრობა ინვესტორთან, რომელმაც კურორტ გოდერძიზე სასტუმრო უნდა ააშენოს, დათმობაზე წავიდა და სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისგან გაანთავისუფლა. იმავდროულად აჭარის მთავრობამ გაითვალისწინა ინვესტორის, ფიზიკური პირის ხათუნა ქორიძის თხოვნა და მას სასტუმროს მშენებლობის დაწყების თარიღი გადაუვადა, რაც თავის მხრივ ინვესტორმა კურორტ გოდერძიზე რთული მეტეოროლოგიური პირობებით ახსნა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხათუნა ქორიძეს პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე მდებარე 2574 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორს შორის 2018 წლის 18 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველს დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები: საპრივატიზებო საფასურის 41200 ლარის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1  თვის ვადაში; ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში უპირობო, გამოუხმობი საბანკო გარანტიის 150 000 ლარის წარმოდგენა, რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 38 თვე;

ასევე, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში 50  ნომრიანი სასტუმროს არქიტექტურული პროექტის მომზადებამდე საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზის სამინისტროში შესათანხმებლად წარდგენა; ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში შენობის მშენებლობის ნებართვის მიღება და 9 თვის ვადაში შენობის მშენებლობის დაწყება.

ინვესტორმა ვალდებულება აიღო, რომ სასტუმრო ექსპლუატაციაში, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან, 36 თვეში შევიდოდა და მინიმუმ 20 წლის განმავლობაში სასტუმროს პროფილს შენარჩუნებდა, სადაც სეზონურად (წელიწადში არანაკლებ 5 თვე) 30 ადამიანს, ხოლო არასეზონურად 10 ადამიანს დაასაქმებდა.

სახელშეკრულებო პირობების მიხედვით, ინვესტორი აღნიშნულ პროექტში მინიმუმ 3 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ინვესტორმა რიგი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა, თუმცა დროულად უპირობო, გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა ვერ მოახერხა. ასევე დაუგვიანდა სასტუმროს მშენებლობის დაწყებაც, რაც თავის მხრივ კურორტ გოდერძიზე კლიმატურ პირობებს უკავშირდება.

გამომდინარე აქედან, მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, დაერიცხა პირგასამტეხლო, ჯამში 5973,4 ლარის ოდენობით.

შემთხვევითი სიახლე

წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს რეკულტივაციის გეგმის წინასწარი წარდგენის ვალდებულება ეკისრება

თბილისი (BPI) – წიაღის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით,  ცვლილებები შევიდა მთავრობის დადგენილებაში, რომლითაც მოწესრიგებულია წიაღით სარგებლობის …