კონკურენციის სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, ფოსტალონთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, გადამზიდი კომპანია „ფოსტალონის“ საქმის შესწავლა დაასრულა და პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. შესაბამისად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ არსებობდა პრობლემები ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოგზავნილი ამანათების დაგვიანებასა და დაკარგვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, პირობითი ვალდებულების ფარგლებში, კომპანიას დაევალა:

1. გაწეროს წესები და პირობები – თავდაპირველად განსაზღვრული თარიღიდან რამდენი დღის ვადაგადაცილება ჩაითვლება ამანათის არაგონივრული ვადით დაგვიანებად;

2. ამანათის ნებისმიერი ვადით დაგვიანების შემთხვევაში, მომხმარებელს წინასწარ, ინდივიდუალურად, მკაფიოდ, გასაგებად, საქართველოს სახელმწიფო ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია;

3. განახორციელოს ამანათის ვადის განსაზღვრა და იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის უფლებები დაირღვევა – აანაზღაუროს ზიანი;

4. დეტალურად განსაზღვროს ამანათის მოვაჭრის საზღვარგარეთ მდებარე ოფისში სათანადოდ ჩაბარების წესი, მათ შორის – პირი/პირები, რომლებიც ამანათის ჩაბარებაზე იქნებიან პასუხისმგებელნი და ა.შ.

სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული პირობითი ვალდებულების შესაბამისად:

– კომპანიამ აიღო ვალდებულება მომხმარებლებს აუნაზღაუროს სავარაუდოდ დაკარგული ამანათის ღირებულება და ტრანსპორტირების ხარჯი სრულად.

– მომხმარებელმა თავად განსაზღვროს თანხის უკან დაბრუნების მეთოდი – პირად საბანკო ანგარიშზე ან მომხმარებლის პირადი პროფილის ბალანსზე ზედმეტობაში დარიცხვა.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოიცავს იმ მომხმარებელთა ჯგუფს, რომლებმაც ამანათები 2022 წლის პირველი ივნისიდან შეიძინეს და გადამზიდველ-ექსპედიტორ კომპანიად შპს „ფოსტალონი“ მიუთითეს.

მოვაჭრე ზიანის ანაზღაურებას განახორციელებს მომხმარებლის მიერ დადგენილი წესით პრეტენზიის წარდგენისა და შესაბამისი დოკუმენტების/ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში. განცხადების შევსება უნდა განხორციელდეს 2023 წლის 24 ივნისის ჩათვლით.

კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების ჯეროვნად არ შესრულების შემთხვევაში, სააგენტო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკში წყალმომარაგების საკითხებზე FCC Aqualia-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ), ქ. თბილისის, ქ. რუსთავისა და ქ. მცხეთის …