კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე რეგიონული მუნიციპალიტეტის მიერ კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კონკურენციის შეზღუდვის – „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

„საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“ საჩივრის საფუძველზე დაწყებული მოკვლევის ფარგლებში ასევე გამოიკვეთა დამატებით ექვსი მუნიციპალიტეტის – ხაშურის, ქარელის, კასპის, დმანისის, გარდაბნის და წალკის მიერ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სადავო პირობის გამოყენების ფაქტი.

საკითხი ეხებოდა – შესაბამისი მუნიციპალიტეტების ფარგლებში ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევის მიზნით გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში კონკურენციის შემაფერხებელი სატენდერო პირობების გამოყენებას. სააგენტოს პოზიციით, მოპასუხე მხარეების მიერ სადავო სატენდერო პირობების გამოყენებამ შექმნა ბაზარზე შესვლის მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ბარიერი, რამაც ეკონომიკური აგენტის საქმიანობის შეფერხება გამოიწვია.

მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების თანახმად, მუნიციპალურ ორგანოებს და სახელმწიფო შემსყიდველ სხვა ორგანიზაციებს დაევალათ – სატენდერო პირობების ფორმირების პროცესში უზრუნველყონ კონკურენციის პრინციპების დაცვა. მათ შორის, არ გამოიყენონ სატენდერო პირობა, რომელიც სასამართლოს აქტის საფუძველზე მოქმედი აკრედიტაციის პირობებში მყოფ ეკონომიკურ აგენტს ტენდერში მონაწილეობას შეუზღუდავს, მის მიმართ აკრედიტაციის სტატუსთან დაკავშირებული სასამართლო დავის/პროცესის არსებობის მიზეზით.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ამ დროისათვის, მოკვლევის 6 საქმეს განხილავს: საავტომობილო საწვავის, ფარმაციის, თამბაქოს, საზღვაო ტრანსპორტის, სწრაფი კვების და ბილეთების ონლაინ რეალიზაციის სექტორებში – შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიმართულებით.

2023 წელს, უწყებამ ორი მოკვლევა დაასრულა და ორივე შემთხვევაში ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი („კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი) დაადგინა.

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …