კონკურენციის ეროვნული სააგენტო „ევროპის უნივერსიტეტის“ და „ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ გაერთიანების საკითხს შეისწავლის

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „ევროპის უნივერსიტეტს“ და „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს“ შორის განხორციელებულ კონცენტრაციასთან (გაერთიანება) დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

2022 წლის 27 აპრილს, „ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ განხორციელდა „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ შეძენა/კონტროლის მოპოვება. აღნიშნული კონცენტრაცია, კონკურენციის კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროებდა სააგენტოსთვის წინასწარ წერილობით შეტყობინებას. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების სააგენტოში წარმოდგენის ვალდებულების მქონე ეკონომიკურ აგენტს დაეკისრა ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით და დაევალა განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კანონმდებლობით დადგენილი სახით სააგენტოში წარმოდგენა.

მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სააგენტო განხორციელებული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს სწავლობს.

ორი კომპანიის გაერთიანებასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების თანახმად, მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა აქვთ – ამა წლის 8 ივლისამდე, სააგენტოს ელ. ფოსტაზე info@gnca.gov.ge ან მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N154, მე-10 სართული.

სააგენტოსათვის წინასწარ შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი წლიური ბრუნვა აღემატება 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს.

სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე პირს ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ აღემატება წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 5%-ს. კონცენტრაციის საფასურია 5000 ლარი.

2022 წლის იანვარ – ივნისში, კონკურენციის სააგენტომ 2 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

 

 

შემთხვევითი სიახლე

მეორე კვარტალმა მოხსნა რეკორდი DDoS შეტევების ხანგრძლივობით

2022 წლის აპრილ-ივნისში, DDoS შეტევების მაქსიმალური ხანგრძლივობის რეკორდი რამდენჯერმე განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „კასპერსკის …