ირაკლი ლექვინაძე: საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ფოთში, ბათუმში, ყულევში, ანაკლიაში თანაბრად მნიშვნელოვანია

თბილისი (BPI) – “საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა  რეგიონში არის სატრანსპორტო მიმართულება. ამ პოტენციალის ათვისება არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა, შესაბამისად რაც უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება ტრანსპორტის სფეროში, მათ შორის მსგავსი საპორტო ტერმინალების მშენებლობის, ეს მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს პოტენციალს და მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ფოთში, „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყება  წინ გადადგმული ნაბიჯია.“ – ასე აფასებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ფოთში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებას.

აშშ-ის  მთავრობის  კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ის დაფინანსებით  ფოთში „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე  ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო. ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტს რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია –  „პეის ჯგუფი“ განახორციელებს.

„ოპიკი  ამერიკული კერძო კომპანიების ფონდია და  მათი ფინანსური რესურსით მოხდება აღნიშნული პროექტის განხორციელება. ესეც არის ასევე, სტრატეგიულად  მნიშვნელოვანი, რომ  რეგიონში ჩვენ ასეთი საფინანსო ინსტიტუტების ყურადღების ცენტრში ვხვდებით. შავი ზღვის არეალში, საქართველოს ტერიტორიაზე,  რაც უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება სატრანსპორტო ჰაბის პოტენციალის ათვისების მიმართულებით, ეს  გააძლიერებს საქართველოს პოზიციებს.    ტვირთების დინამიკა აჩვენებს, რომ საქართველომ გრძელვადიან პერიოდში ტვირთნაკადების ზრდისთვის უნდა მოამზადოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამიტომ საქართველოს, რაც უფრო მეტად დასპეციალიზდება სხვადასხვა ტვირთნაკადების მომსახურების მიმართულებით და საქართველო გააძლიერებს ამ კუთხით თავის პოზიციონირებას რეგიონში, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებას პოტენციალის რეალიზებას.“ – ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

კითხვაზე, მოახდენს თუ არა  ანაკლიის პორტის პროექტზე ნეგატიურ გავლენას ფოთში დღეს დაწყებული საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ბიზნესომბუდსმენი  განმარტავს, რომ აღნიშნული ორი პროექტის ერთმანეთის პირდაპირ კონკურენტად  განხილვა არ შეიძლება.

„ანაკლიის პორტს აქვს თავისი მიმართულება და მე არანაირად არ დავუკავშირებ ამ ორი პორტის მშენებლობას, როგორც ერთმანეთისთვის კონკურენციის შემქმნელი  პროექტების მიმართულებას.  ანაკლიას ჰყავს თავისი დაინტერესებული ინვესტორები.  საქართველოს ხელისუფლებას  ანაკლიის პროექტის მიმართ სრული მხარდაჭერა აქვს გაცხადებული. მთავრობის მხრიდან ერთი პორტის   პროექტის მხარდაჭერა არ ნიშნავს სხვა პორტების მიმართულებით,  რაიმე ქმედების არ განხორციელებას. ყველა საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ფოთში, ბათუმში ყულევში,  ანაკლიაში, თანაბრად მნიშვნელოვანია“ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა. აღსანიშნავია, რომ თავისი სიდიდიდან და პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეს არის OPIC – ის მიერ, საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დაფინანსება.

აღსანიშნავია, რომ ახალი პროექტი 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში აკვატორიის დაღრმავების შედეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება. აღნიშნული ტვირთბრუნვის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. პროექტის ღირებულებაა 120 მლნ. აშშ დოლარი. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მლნ აშშ დოლარი OPIC – ის ინვესტიციაა.

შემთხვევითი სიახლე

1 დოლარი 2.9573 ლარი ღირს

თბილისი (BPI) – 5 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 2.9573 ლარი შეადგინა. …