იანვარში ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები, დასუფთავების მოსაკრებლის ორ ქვითარს მიიღებენ

იანვარში ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები, დასუფთავების მოსაკრებლის ორ ქვითარს მიიღებენ, რომელიც დეკემბერ-იანვარში მიღებული მომსახურების საფასურს ასახავს, აღნიშნულია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, როგორც ცნობილია, დასუფთავების მოსაკრებლის ნებისმიერი თვის დარიცხვა აქამდე, სტანდარტულად, წინა თვის მომსახურებისთვის ხორციელდებოდა. მომხმარებლებს იანვარში ერიცხებდათ დეკემბერში გაწეული მომსახურების საფასური, კონკრეტული თარიღები კი ქვითარში აისახებოდა.

“საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, 2021 წლის დეკემბრიდან, კომპანია „თელასის“ აბონენტებისთვის დარიცხვა ყოველი თვის ბოლო ოთხი კალენდარული დღის განმავლობაში მოხდება. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის იანვარში, კერძოდ კი თვის ბოლოს, როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები, მიიღებენ დასუფთავების მოსაკრებლის ორ ქვითარს, რომელიც დეკემბერ-იანვარში მიღებული მომსახურების საფასურს ასახავს.

რაც შეეხება ტარიფებს, ფიზიკური პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2,5 ლარით არის განისაზღვრული. შესაბამისად, ფიზიკური პირები დეკემბერ-იანვარში უცვლელი ტარიფით ისარგებლებენ. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, თბილისის საკრებულოს N4-12 დადგენილების (27.12.2021 წელი) თანახმად, დედაქალაქის ტერიტორიაზე იურიდიული პირებისთვის განისაზღვრა დასუფთავების მოსაკრებლის ახალი განაკვეთები. აღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიული პირები დეკემბრის მოსაკრებელს კვლავ ძველი ტარიფით გადაიხდიან, ხოლო იანვრის ქვითარში ახალი ტარიფი აისახება.

გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მოსაკრებელი ახალი ტარიფით შეეხებათ მხოლოდ და მხოლოდ კომერციული კატეგორიის აბონენტებს და არა ფიზიკურ პირებს. დეკემბერ-იანვრის მოსაკრებლის ერთდროულად დარიცხვა კი უკავშირდება სემეკ-ის გადაწყვეტილებას.

აქვე განვმარტავთ, რომ იანვრის მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არ შეეზღუდებათ ელექტროენერგიის მიწოდება და მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, დეკემბერ-იანვრის დავალიანება ეტაპობრივად, თებერვლის ბოლომდე დაფარონ”, აღნიშნულია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

აკრედიტაციის ცენტრი ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა

საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი, რომელიც 2005 წლიდან ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობის …