“თიბისელები შენთვის” – თიბისელების საახალწლო საჩუქარი სოციალურად დაუცველ ოჯახებს

თბილისი (BPI) – წელს, თიბისელებმა ტრადიციულ საახალწლო საჩუქრებზე უარი თქვეს და გადაწყვიტეს იმ ადამიანებს დახმარებოდნენ, რომლებსაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა. თიბისიმ, იდეისთვის – „თიბისელები შენთვის“, 300 ოჯახის დასახმარებლად, 300 000 ლარი გამოყო. თიბისელებმა მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ოჯახები თავად შეარჩიეს და გუნდს მათი ისტორიები გაუზიარეს. სულ 300 ოჯახი შეირჩა, რომელიც საახალწლოდ, გუნდის სახელით, 1000 ლარიან დახმარებას მიიღებს.

„თიბისელები შენთვის“ პროგრამის – „თიბისი შენთვის“ ბოლო ეტაპია, რომელიც კომპანიამ წლის დასაწყისში საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად შექმნა. ჯამში 5 მილიონი ლარი დისტანციური განათლების ხელშეწყობას, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას, ასევე ფიზიკური პირებისთვის და ბიზნესებისთვის საკომისიო ხარჯების შემსუბუქებას მოხმარდა.

„თიბისი შენთვის“ ფარგლებში, თიბისიმ, როგორც ქვეყანაში ბიზნესის N1-მა მხარდამჭერმა, კომპანიებთან თანამშრომლობის მოქნილი მოდელი შექმნა, რომელიც ბიზნესების საჭიროებებს ერგება იმისთვის, რომ ეკონომიკის სრული დატვირთვით ამოქმედებას მომზადებულები შეხვდნენ და შეუფერხებლად შეძლონ ფუნქციონირება.

„თიბისი შენთვის“ მომხმარებლებთან ერთად, გუნდის მხარდაჭერასაც გულისხმობს. თიბისისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალი გუნდის წევრები არიან. სწორედ ამიტომ, კომპანიის მთავარი დაპირება 2020 წელს გუნდის ყველა წევრისთვის სამუშაო ადგილის შენარჩუნება იყო. ამ დაპირების შესასრულებლად, თიბისის მენეჯმენტმა მიმდინარე წელს საბონუსე კომპენსაციაზე უარი თქვა, რაც მათი ანაზღაურების 70%-ია. თიბისიმ ყველა თანამშრომელი შეინარჩუნა და წლის განმავლობაში, გუნდში სხვადასხვა მიმართულებით 700 ახალი წევრი დაიმატა.

„2020 წელი თითოეული ჩვენგანისთვის და მთელი ქვეყნისთვის გამოწვევებით იყო სავსე. ამის მიუხედავად, წელს, გუნდის დახმარებით, „თიბისი შენთვის“ ფარგლებში, მოსახლეობას პანდემიით გამოწვეული სირთულეების გადატანაში დავეხმარეთ. ამ რეალობაში, როდესაც ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს დახმარება სჭირდება, გუნდში გაჩნდა იდეა – ჩვენი საახალწლო საჩუქრების ნაცვლად, თანხა იმ ადამიანების დასახმარებლად გამოგვეყენებინა, ვისაც დღეს მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება. თიბისელებმა მძიმე სოციალური ფონის მქონე ოჯახები თავად შეარჩიეს და მათი ისტორიები გაგვიზიარეს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენ გარშემო – თბილისში, პატარა ქალაქებში, სოფლებში თუ მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ. თიბისელების აქტიურობა ძალიან მაღალი იყო და რაც მთავარია, თითოეული ჩვენგანი ძალიან ბედნიერი ვართ, რომ საახალწლოდ არაერთ ადამიანს გავახარებთ. ვფიქრობ, სიკეთის კეთების შესაძლებლობა ყველაზე დიდი საჩუქარია. თიბისის მისია ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა. მჯერა, რომ ამ ოჯახებს მცირედით მაინც შევუმსუბუქებთ მძიმე ზამთარს“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

 

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რეგიონში პირველად FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards გაიმართება

საქართველოს ბანკი უძრავი ქონების სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით FIABCI-Georgia ორგანიზებას უწევს რეგიონში პირველი, უძრავი …