თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „თბილისის არბიტრაჟის დღეები“ გაიხსნა

დღეს თბილისში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „თბილისის არბიტრაჟის დღეები“. საერთაშორისო არბიტრაჟის ამ ყველაზე დიდ ფორუმს ჩვენს რეგიონში ასზე მეტი მონაწილე ესწრება, მათ შორის არბიტრაჟის წამყვანი ექსპერტები და პრაქტიკოსი იურისტები ევროკავშირიდან, საქართველოდან და ცენტრალური აზიიდან, მართლმსაჯულების სისტემის, ბიზნესის, ხელისუფლებისა და  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

თბილისის არბიტრაჟის დღეების ორგანიზატორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC), ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

„საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების, მათ შორის მედიაციისა და არბიტრაჟის, განვითარების მიმართულებით“, – განაცხადა საქართველოს ვიცე პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. „ხელსაყრელი საკანონმდებლო და ბიზნეს გარემო კარგ  საფუძველს ქმნის საქართველოში არბიტრაჟის რეგიონული ჰაბის ჩამოყალიბებისთვის“.

„ვთვლი, რომ მსგავსი კონფერენციების თბილისში ჩატარება უაღრესად მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ბიზნესის ცნობიერების ამაღლებას არბიტრაჟის შესაძლებლობების შესახებ დროისა და ხარჯების  დაზოგვის თვალსაზრისით,“ – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა. „ევროკავშირის მიზანია კვლავაც შეუწყოს ხელი არბიტრაჟის უფრო ხშირ გამოყენებას კომერციული დავების მოგვარებისას საქართველოში“.

„მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ისეთი ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა, რომელიც საზოგადოების ყველა წევრზე აისახება“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში. „UNDP მხარს უჭერს დავების ალტერნატიული გადაწყვეტის განვითარებას, რადგან ეს შესაძლებლობას აძლევს როგორც მოქალაქეებს, ასევე ბიზნეს კომპანიებს, არსებული დავები სასამართლოს მიღმა მოაგვარონ და ამით დრო და ფული დაზოგონ“.

კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართა საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა – გიორგი პერტაიამ.

წელს “თბილისის არბიტრაჟის დღეები“ რამდენიმე ღონისძიებას აერთიანებს.

9 ოქტომბერს გაიმართა მსჯელობა 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის შესახებ ,,უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება“. სემინარი გახსნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელმა – მზია თოდუამ. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ  საქართველოს უზენაესი სასამართლო, GIAC და საერთაშორისო იურიდიული ფირმა „Shearman&Sterling”.

10 ოქტომბერს კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს დამოუკიდებელი არბიტრაჟის რეგიონულ მნიშვნელობაზე და განიხილეს ბიზნესის დამოკიდებულება კომერციული დავების გადაწყვეტის სხვადასხვა გზის მიმართ.

11 ოქტომბერს, „თბილისის არბიტრაჟის დღეების“ დასასრულს, გაიმართება საინფორმაციო სემინარი ახალგაზრდა პრაქტიკოსებისთვის, რომლის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC), საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის ახალგაზრდული ფორუმი (ICC YAF, საფრანგეთი) და დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრი (ICDR).

შემთხვევითი სიახლე

სავალუტო რეზერვები შემცირდა – პრიორიტეტი, დროებით, ინფლაციაზე კურსიდან წნეხის შეკავებაა

თბილისი (BPI)  – საქართველოს სარეზერვო აქტივები შემცირდა. 1 ოქტომბრისთვის $3.6 მლრდ-ია (01.09.2019- $ 3.696 მლრდ). …