ვერცხლისწყლის იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი დასაშვები იქნება წინასწარ დასაბუთებული და განსაზღვრული წესების შესაბამისად

„ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენციიდან“ გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები განიხილა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა.

აღნიშნული კონვენციიდან გამომდინარე ცვლილებები შედის „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განმარტებით, მინამატას კონვენციის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა ანთროპოგენური ემისიების, ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების გარემოში მოხვედრისაგან. ამ მიზნით კონვენცია მხარეებს მოუწოდებს მიიღონ და განახორციელონ მთელი რიგი მარეგულირებელი და პოლიტიკური ზომები, რაც ითვალისწინებს კონტროლს ვერცხლისწყლით ანდა მისი ნაერთებით ვაჭრობასა და მიწოდებაზე.

მომხსენებლის განცხადებით, „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებით, ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთებისთვის შემოდის სპეციალური მართვის რეჟიმი. ასევე, შემოდის აკრძალვა ვერცხლისწყლის პირველად მოპოვებასთან დაკავშირებით. ვერცხლისწყლის იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი დასაშვები იქნება წინასწარ დასაბუთებული და განსაზღვრული წესების შესაბამისად. ასევე, ვერცხლისწყლის გამოყენება ოქროს მოპოვების პროცესში აკრძალული იქნება.

კანონპროექტიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებები ხორციელდება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“.

კომიტეტმა განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სამრეწველო ემისიების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.

ნინო თანდილაშვილის განცხადებით, სამრეწველო სექტორიდან გარემოს დაბინძურების მაქსიმალურად შემცირება ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. კანონპროექტის მიღების შედეგად კი, სამრეწველო საქმიანობებიდან გარემოს დაბინძურების პრევენციისა და შემცირების მიმართულებით, ჩამოყალიბდება ევროკავშირის კანონმდებლობისა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობა.

„ამ კანონის აღსრულებით მინიმუმამდე შემცირდება გარემოს დაბინძურება და ბიზნესს ეტაპობრივად დაუწესდება ისეთი მოთხოვნები, რაც ამ პროცესს ხელს შეუწყობს“,- განაცხადა მომხსენებელმა.

კომიტეტმა იმსჯელა კანონპროექტიდან გამომდინარე 14 პროექტისგან შემდგარ ცვლილებათა პაკეტზე.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს განხილულ კანონპროექტებს.

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …