ეკონომიკური მოვლენები 2019 – რეალობა და მოლოდინები

თბილისი (BPI) – ეკონომიკურ კალენდარზე კიდევ ერთი წელი მიილია. საინტერესოა რით იყო გამორჩეული 2019 წელი საქართველოს ეკონომიკისათვის, რა ბენეფიტები მიიღო ბიზნესმა და როგორ აისახა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ხალხის ჯიბეზე.

წლის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ინფლაცია და ლარის კურსი აღმოჩნდა. ლარის კურსმა ანტირეკორდი დაამყარა, ინფლაციამ მიზნობრივ მაჩვენებელს გაუსწრო. ქართულ ეკონომიკაში ისევ ჭირს უცხოური კაპიტალის მოზიდვა. რუსული ემბარგოს მიყენებული ჭრილობების მოშუშება ადვილი არ აღმოჩნდა ტურიზმისთვის. მართალია, რეკორდული რაოდენობის უცხოელი მოგზაური მივიღეთ, თუმცა ზრდის მოლოდინი გაცილებით მაღალი გვქონდა. კვლავინდებურად განუხორციელებელი და შეჩერებულია ანაკლიის პროექტი. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ხელისუფლებაც და ანაკლიის განვითარების კონსორციუმიც, პოზიციაც და ოპოზიციაც პროექტის განხორციელების მნიშვნელობაზე თანხმდება, პროექტის განხორციელების ბედი კვლავ ჰაერშია.

ინფლაცია

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში ინფლაციამ მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს თითქმის 2,5-ჯერ გადააჭარბა და ფასების საერთო დონე 7,1%-ით გაიზარდა. ფასების მსგავსი ზრდა  საქართველოში 2017 წელს დაფიქსირდა.

ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე 13.4%-ით არის გაზრდილი, ფასების 7%-იანი მატება აღინიშნა დასვენება, გართობა და კულტურის სფეროში. 3.1%-ით გაძვირდა ტრანსპორტით მომსახურება. 15.4%-ით გაძვირდა თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები. თამბაქოს გაძვირება რამდენიმე ცვლილებამ გამოიწვია – ჯერ იყო და ფილტრიან სიგარეტზე “ადვალური” გადასახადი გასამმაგდა. გათანაბრდა ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის დიფერენცირებული განაკვეთებიც (1 კოლოფზე 1.7 ლარი). 21 ნოემბრიდან უკვე თუთუნზე ამოქმედდა აქციზის განაკვეთი. წლის განმავლობაში თუთუნზე ფასების ცვლილება იმდენად შთამბეჭდავი იყო, საქსტატმა ინფლაციის ანგარიში მის გარეშე დაიწყო.

ლარის კურსი

ლარის კურსი და ეროვნული ვალუტის დევალვაცია უკვე წლებია აქტუალობას არ კარგავს. საქართველოს მცირე ეკონომიკის, იმპორტზე მაღალი დამოკიდებულების და პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე ეროვნული ვალუტა 2014 წლიდან მოყოლებული თითქმის 65-70 %-ით გაუფასურდა. ეს კი პირდაპირ აისახება სამომხმარებლო ბაზარზე. მცირდება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა, რაც უარყოფითად მოქმედებს საქართველოში მოქმედი ბიზნესკომპანიების შემოსავლებზე. თუმცა ლარის კურსთან დაკავშირებით სახეზეა დადებითი ტენდენციებიც. დეკემბერში ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 10 თეთრით ანუ 3%-ით გამყარდა. სპეციალისტები ამ ფაქტს სებ-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და უცხოურ ვალუტაში მიზიდულ სახსრებზე დარეზერვების განაკვეთის შემცირებას უკავშირებენ.

მშპ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საგარეო ვაჭრობა, საგარეო ვალი

2019 წლის 10 თვეში ეკონომიკა საშუალოდ 5.1%-ით გაიზარდა. დამაიმედებელი, – ასე აფასებენ სპეციალისტები საქსტატის გამოქვეყნებულ ანგარიშს. მათი თქმით, აღნიშნული ეკონომიკური ზრდა მით უფრო თვალსაჩინოა, რომ მას ადგილი ჰქონდა გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების პარალელურად. ეკონომისტები ამ გარემოებას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. მათი თქმით, მშპ-ს ზრდას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ. ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში წინა წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით: ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 11.7%-ით (თუმცა აღსანიშნავია, რომ წმინდა ექსპორტი გაცილებით უფრო დაბალ ნიშნულზეა), უარყოფითი ბალანსის მოცულობა შემცირდა 10.3%-ით, ექსპორტით იმპორტის გადაფარვა გაუმჯობესდა 5.2 პუნქტით – 36.4%-დან 41.6%-მდე. სპეციალისტების განმარტებით, ექსპორტის ზრდის ისედაც დადებით ტენდენციას დაემატა მესამე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინვესტიციების 14%-იანი ზრდა, რაც მეორე კვარტალთან შედარებით, გაორმაგებულია და 417 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მაჩვენებელი მართალია გაუმჯობესებულია მესამე კვარტალში, მაგრამ 2019 წლის იანვარ-სექტემბერის მონაცემებით 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია 909 მლნ დოლარი 1,094 მლრდ დოლარის სასარგებლოდ. მზარდია ქვეყნის საგარეო ვალდებულებები, 2019 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, 5,392 მლრდ დოლარია, ერთი წლის განმავლობაში 284 მლნ დოლარით გაზრდილი.

ტრანს-ანატოლიური გაზსადენი (TANAP) – გაზრდილი ენერგო-უსაფრთხოება და სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი

30 ნოემბერს თურქეთში TANAP-ის (ტრანს-ანატოლიური გაზსადენი Trans-Anatolian Natural Gas Pipeline) გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. პროექტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივად დააჭირეს ხელი სიმბოლურ ღილაკს, რომლითაც ბუნებრივი აირის ნაკადი აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით დაიძრა.

ეკონომისტების შეფასებით, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP) ამოქმედებით ისტორიული მომენტის მომსწრე გავხდით. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ მილსადენს დიდი გეოპოლიტიკური დატვირთა აქვს და ის საქართველოსთვის უსაფრთხოების ერთგვარი გარანტია, მნიშვნელოვანია მილსადენის ეკონომიკური მდგენელიც.

ტრანს-ანატოლიური მილსადენის მეშვეობით, რომლითაც აზერბაიჯანული გაზი ევროპას მიეწოდება, 2023 წლისთვის საქართველო, სატრანზიტო წილის სახით, 300 მლნ-ის ნაცვლად 1,1 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ეს კი დაახლოებით 300 მლნ დოლარია წელიწადში.

ტურიზმი

საქართველოში 2019 წლის 11 თვეში რეკორდული რაოდენობის, 8,7 მლნ მოგზაური ესტუმრა (7.2%-ით მეტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით). მიუხედავად ზაფხულის პერიოდში რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობის შემცირებისა, 2019 წლის 11 თვის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 4,9%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $3 მლრდ-ზე მეტი შემოსავალი მიიღო, 0.9%-ით მეტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

“100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს”

ამოქმედდა ეკონომიკის სამინისტროს პროექტი ,,100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს’’. საპრივატიზაციოდ გამოიტანეს  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100-ზე მეტი ობიექტი. ქონების ჯამური ღირებულება 150 მილიონ ლარს აჭარბებს და როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, პრივატიიზაციის შედეგად დაახლოებით 2 500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. 13  დეკემბრის მონაცემებით, უკვე მოხერხდა 26 ობიექტის პრივატიზება და ინვესტორებმა ჯამში დაახლოებით 41 მილიონი ლარი გადაიხადეს.

ცვლილებები აწარმოე საქართველოში და საგადასახადო შეღავათები მეწარმე სუბიექტებისათვის მაღალმთიან რეგიონებში

მთავრობის დადგენილებით, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება ექნება, მის მიერ წარმოებული და გადამუშავებული პროდუქციის რეალიზაცია მოახდინოს არა მხოლოდ მაღალმთიანი დასახლების, არამედ ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზე, ასევე გაიტანოს ექსპორტზე და ეს არ გამოიწვევს მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტას, სტატუსის მინიჭებაზე დაინტერესებული პირის შემთხვევაში კი – მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას.

წლის ბოლოსთვის მინისტრთა კაბინეტმა „აწარმოე საქართველოში“ განახლებული პროგრამაც დაამტკიცა. მთავრობა განვითარებაში დახმარებას კერამიკული საშენი მასალების მწარმოებლებს, საზღვაო თევზჭერის ინდუსტრიას, ბალნეოლოგიური და სათავგადასავლო ტურიზმის სექტორს ჰპირდება. დიდი მოლოდინი ამ დაანონსებას არ მოჰყოლია, მცირე მეწარმეები, რომლებსაც გამოცდილება და ფინანსური რესურსი არ გააჩნიათ, მიიჩნევენ, რომ პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვების ნაკლები შანსი აქვთ.

წლის გახმაურებული საქმე

დღგ-ს გამსკდარი საქმე შესაძლოა წლის სკანდალადაც მოინათლოს. ნოემბრის ბოლოს ფინანსთა მინისტრმა დღგ-ს გახმაურებული საქმის შედეგებზე ისაუბრა: 102 პირის მიმართ აღძრული საქმე, 62 დაკავებული და 11 ძებნილი. ჯამში, დაახლოებით, 123 მლნ-ის ქონებაა დაყადაღებული. ივანე მაჭავარიანმა დღგ-ს საქმეზე არასწორად ჩამოყალიბებულ მოსაზრებაზე ილაპარაკა, თითქოს დაკავებულები დამნაშავე ბიზნესმენები არიან. მაჭავარიანის თქმით, არც ის არის სწორი რომ ამ საქმეში არც შემოსავლების და არც საგამოძიებო სამსახურის მოქმედი თანამშრომლები მონაწილეობდნენ. „ასე რომც ყოფილიყო დაუნდობლები ვიქნებოდით.“ მინისტრის თქმით, თაღლითური სქემები ყოველთვის არის წარმატებულ ქვეყნებშიც, ის იყო და იქნება მომავალშიც.

თაღლითური დღგ-ს საპირწონედ ალბათ დღგ-ს რეფორმა გამოდგება. მთავრობაში ამბობენ, რომ რეფორმა საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ამკვიდრებს და ბიზნესს ზედმეტად გადახდილი 620 მლნ დაუბრუნდება.

 

შემთხვევითი სიახლე

“ნიბა” რძის წარმოებას აფართოებს

თბილისი (BPI) – თბილისთან ახლო, სოფელ კუმისში მეცხოველეობის ფერმა „ნიბა 2008“ მდებარეობს, სადაც ყოველდღიურად ადგილობრივი …