დავით ნარმანიამ საგარეჯოში მელიორაციის რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა -როგორი ვითარებაა სექტორში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საგარეჯოში მელიორაციის რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. სემეკის თავმჯდომარესთან ერთად წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საპილოტე პროექტს გაეცნენ სემეკის წევრი გიორგი ფრუიძე და სემეკის აპარატის წარმომადგენლები. პროექტი განხორციელდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, მელიორაციის სექტორის განვითარებისთვის წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია.

„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები  ფერმერებისთვის იქნება სარწყავი წყლის უწყვეტი, საიმედო და ოპტიმალური გამოყენების ერთგვარი შესაძლებლობა. ასეთი ორგანიზაციები მელიორაციის სექტორის თანამედროვე რეგულირების ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია, რასაც მოწმობს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო გამოცდილებაც. აქედან გამომდინარე, საქართველოში ფერმერებმა უნდა იზრუნონ ასეთი ორგანიზაციების ჩამოყალიბებაზე“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ცხადია ამ პროცესის პარალეურად მნიშვნელოვანია ისიც, რომ მელიორაციის ინფრასტრუქტურა ქვეყანაში მოწოდების სიმაღლეზე იყოს, რათა მოხდეს ფერმერების გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება. კითხვაზე არის თუ არა დღესდღეობით მელიორაციის ინფრასტრუქტურა შესაბამის კონდიციებში დავით ნარმანია განმარტავს, რომ მელიორაციის ინფრასტრუქტურა ყოველდღიურად უმჯობესდება და ფერმერების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნა ეტაპობრივად კმაყოფილდება.

„მელიორაციის სისტემაში საკმაოდ დიდი მოცულობით ინვესტიციები ხორციელდება  როგორც დონორი ორგანიზაციების, ისე სახელმწიფოს მიერ. შესაბამისად,  მელიორაციის ინფრასტრუქტურა დღითიდღე უმჯობესდება  და მოთხოვნა, რაც ფერმერების მხრიდან არსებობს ეტაპობრივად კმაყოფილდება. ცხადია ეს ჯერ კიდევ არაა საკმარისი, რადგან ქვეყანაში იქმნება და ვითარდება ახალ-ახალი სავარგულები. ჩვენ ვიცით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს  რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელთა საშუალებითაც ხელს უწყობს როგორც პირველადი პროდუქციის მოყვანას, ასევე  მათ გადამუშავებას. აქედან გამომდინარე ამ პროგრამებმა ასათვისებელი ფართობების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდეს, რასაც შესაბამისად მიჰყვება მელიორაციის პროგრამები, რათა ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო მეტად მოწესრიგდეს“. – აცხადებს სემეკის თავმჯდომარე.

რაც შეეხება მელიორაციის რეგულირების საკითხს. დავით ნარმანიას თქმით, მელიორაციის სექტორის ეფექტიანი რეგულირებისათვის სემეკში სხვადასხვა წესსა და მეთოდოლოგიაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

„ამჟამად, სემეკში ვმუშაობთ პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიაზე, რომლის საფუძველზეც სემეკი მიმდინარე წლის ბოლოს მელიორაციის სექტორისთვის ტარიფებს დაადგენს. ამასთანავე, მუშავდება წყლის მიწოდების წესები, რომელიც პირველად წყალმოსარგებლესა და ირიგაციის სისტემით მოსარგებლეთა შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს დაარეგულირებს. მიმდინარე წელს დამტკიცდება პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასთან/სხვა წყალმომხმარებელთან გასაფორმებელი მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები,“ – აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.

ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით დავით ნარმანია აღნიშნავს, რომ წყალმომარაგების ნაწილში დაწესდება ისეთი ტიპის ტარიფი, რომელიც საწყის ეტაპზე ხელს შეუწყობს მინიმუმ საოპერაციოს ხარჯების დაფარვას.

„კომისიის მიდგომაა, რომ მელიორაციის ნაწილში ჯერ შემუშავდეს ტარიფების დადგენის მეთოდოლოგია და შემდგომ დადგინდეს უშუალოდ ტარიფები. როგორც უკვე აღვნიშნე, რამდენიმე თვეში შემუშავდება გაანგარიშების მეთოდოლოგია, რომლის დამტკიცების შემდეგაც ტარიფების შესაბამისი განსაზღვრაც მოხდება. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ პირველ ეტაპზე ტარიფი უნდა იყოს ისეთი, რომ საოპერაციო ხარჯებს მაინც მოემსახუროს, რადგან ერთდროულად საოპერაციო და კაპიტალურ ხარჯებს ერთდროულად ვერ დაფარავენ ვერც ფერმერები და ვერც საოჯახო მეურნეობები. ამიტომაც კაპიტალურ ნაწილში  ინვესტიციები, რომლებიც სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების მხრიდან ხორციელდება უნდა ჩაითვალოს ხელშემწყობ ფაქტორად, ხოლო ყოველდღიური ხარჯები, რომლებიც ექნება მელიორაციას უნდა დაიფაროს პირველ ეტაპზე დადგენილი ტარიფებით“.- აცხადებს დავით ნარმანია.

სემეკის თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ვიზიტები განხორციელდება ისეთ ადგილებში, სადაც მელიორაციის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს და ასევე იქ, სადაც ჯერჯერობით სამუშაოები არ დაწყებულა. დავით ნარმანიას განცხადებით ეს პროცესი სემეკის გუნდს შესაძლებლობას მისცემს, რომ მოხდეს  სექტორში სხვადასხვა ნიუანსის იდენტიფიცირება და მათ დამუშავება.

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …