გერმანული „ჰაიდელბერგი“ გავიდა, ცემენტის ქარხანა „ცემენტ ინვესტმა“გამოისყიდა

„ცემენტ ინვესტმა“, რომელიც წარმოადგენს საქართველოს თანაინვეტირების ფონდის, ჰანიველ პარტნერზისა და დავით ბეჟუაშვილის ოჯახის ინტერესებს, სრულად გამოისყიდა „ჰაიდელბერგ მატერიალზ“-ის წილი „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასა“ და „თერჯოლა კარიერში“ (ერთობლივად „ჰაიდელბერგცემენტ საქართველო“).

ინფორმაციას თანაინვესტირების ფონდი ავრცელებს.

„ჰაიდელბერგცემენტ საქართველო“ ლიდერია ცემენტისა და ცემენტთან დაკავშირებული პროდუქტების წარმოებისა და დისტრუბუციის ბაზარზე საქართველოში. ის მართავს ცემენტის სრული ციკლის წარმოების ქარხნებს კასპსა და რუსთავში, ცემენტის წისქვილს ფოთში, ინერტული მასალების ორ საწარმოს, ცემენტის ტერმინალს სუფსაში და ბეტონის თოთხმეტ სტაციონალურ და მობილურ ქარხანას მთელი საქართველოს მასშტაბით.

მას შემდეგ, რაც 2017 წელს „ჰაიდელბერგ მატერიალზი“ და “ცემენტ ინვესტი“ პარტნიორები გახდნენ მათი ერთობლივი მენეჯმენტის ქვეშ „ჰაიდელბერგცემენტ საქართველომ“ წარმატებით განახორციელა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი წარმადობისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიმართულებით, მათ შორის კლინკერის წარმოების ახალი მშრალი მეთოდით მოქმედი ქარხანა კასპში.

ამ უკანასკნელმა ინვესტიციამ, რომლის მოცულობამ 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, კომპანიას ტექნოლოგიურ გარდატეხასთან ერთად მოუტანა ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება და უპრეცედენტო ზრდა.

მიმდინარე წლის განმავლობაში „ჰაიდელბერგცემენტ საქართველო“ შეინარჩუნებს სავაჭრო სახელსა და ყველა იმ ტექნიკურ მხარდაჭრას, რომელსაც კომპანიას აქამდე „ჰაიდელბერგ მატერიალზი“ უწევდა. სამომავლოდ, შესაძლოა მოხდეს ბრენდის ცვლილება.

კომპანიის ინვესტორები გეგმავენ გააგრძელონ მისი გაფართოება წარმადობის ზრდის, ტექნოლოგიური გაუმჯობესებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც ისინი ცემენტისა და მასთან დაკავშირებულ ბიზნესს ფლობენ. ინვესტორები იმედოვნებენ, რომ „ჰაიდელბერგცემენტ საქართველოს“ მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს მათი საინვესტიციო მიდგომა, რომელიც მხოლოდ საქართველოზეა ფოკუსირებული.

კომპანია „ცემენტ ინვესტის“ ინვესტორები ფლობენ და მართავენ წარმატებულ კომპანიებს მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის: წარმოების, სასტუმრო ინდუსტრიის, ფინანსური ინსტიტუტების, მედია და ტელეკომუნიკაციების, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: https://www.businessinsider.ge/ka/product/2618

შემთხვევითი სიახლე

ჩაერთე Mastercard-ის ფინანსური განათლების პროგრამაში – რეგისტრაცია 30 იანვარს სრულდება

თუ გსურს, ისწავლო  პირადი ფინანსების მართვა ეფექტურად, მიიღო დამოუკიდებელი ფინანსური გადაწყვეტილებები  და დაიწყო სვლა მომავალი …