ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში მიღება გამოცხადდა

თბილისი (BPI) – „საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტის’’ (YES-Georgia) ფარგლებში ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში ახალი ნაკადის მიღება გამოცხადდა. პროექტი უკვე მეხუთე წელია რაც წარმატებით ხორციელდება და მასში  ჩართვა შეუძლია 16-დან 28 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მეწარმეობითა და აქვთ სურვილი, რომ პროფესიონალ მეწარმედ ჩამოყალიბდნენ.

განაცხადების მიღება მეწარმეობის სკოლაში უკვე დაწყებულია და იგი თვის ბოლომდე გაგრძელდება. წელს პროექტი განხორციელდება შემდეგ ქალაქებში: თელავი, თბილისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციების და გასაუბრების საფუძველზე. სასწავლო კურსი ორთვიანია და მოიცავს 2 დონეს. პირველ დონეზე მონაწილენი გაივლიან ზოგად კურსს მეწარმეობაში, რომელიც ჩატარდება საქართველოს 7 რეგიონში, თუმცა მასში მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას შეეძლება. მეორე დონეზე მონაწილეები შეისწავლიან ბიზნეს იდეების გარდაქმნას ბიზნეს პროექტებად; ამ დონეზე მხოლოდ ის მონაწილეები გადავლენ, რომელთაც ზუსტად აქვთ გადაწყვეტილი ბიზნეს პროექტის წერა და მისი პრაქტიკაში განხორციელება. საუკეთესო ბიზნეს პროექტები კი ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ საკუთარი ბიზნესს გასავითარებლად.

პროექტი „Yes Georgia” 2015 წლიდან ხორციელდება ფონდი კრისტალის ორგანიზებითა და USAID-Georgia-ს მხარდაჭერით. გასული ოთხი ეტაპის შედეგად ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ არამხოლოდ  შეესწავლათ მეწარმეობის ძირითადი პრინციპები, არამედ პრაქტიკაში გამოეცადათ საკუთარი შესაძლებლობები და შესაბამისი დაფინანსებაც მიეღოთ საკუთარი სტარტაპის განსახორციელებლად. დღეს პროექტი ასამდე ახალგაზრდა მეწარმესა და სტარტაპერს აერთიანებს, რომლებმაც  წარმატებით გაართვეს თავი საკუთარ ბიზნესსაქმიანობას.

დეტალური ინფორმაცია აპლიკაციის შესავსებად იხილეთ: http://yes.crystal.ge

პროგრამის შესახებ:   პროგრამის შესახებ: პროგრამა Yes-Georgia ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალთან“ და ჯუნიორ ეჩივმენტთან (JAG) ერთად. პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

2016 წლიდან ‘’ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში’’, რომელიც პროგრამა YES-Georgia-ს ფარგლებში შეიქმნა, 2,710 განაცხადი შემოვიდა. 749 ახალგაზრდა იქნა მიღებული სკოლაში, რომელიც  574-მა ახალგაზრდამ  წარმატებით დაამთავრა. ბიზნეს პროექტები წარმოადგინა 225 კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 55-მა მიიღო თანადაფინანსება ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘’კრისტალისგან’’.

 

შემთხვევითი სიახლე

მსხვილკაპიტალიანი ბანკების რეიტინგი, ბაზისბანკი – №6

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორის საზედამხედველო კაპიტალი 01.10.2019 -ის მდგომარეობით, ₾7.3  მლრდ-ს აღემატება (01.10.2018 -₾5.9  მლრდ). …