აქტიურად ვთანამშრომლობთ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეთა ინტერესები – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ II საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა და კონფერენციის 300-ზე მეტ მონაწილეს ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის განვითარების ეტაპები და არსებული გამოწვევები გააცნო.

„ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ბაზრის სრული ლიბერალიზაციისათვის. კანონმდებლობითა და ევროპული დირექტივებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, მარეგულირებელმა კომისიამ შეიმუშავა 30-ზე მეტი ნორმატიული აქტი, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ბაზრის მონაწილეებს შორის კონკურენტული და გამჭვირვალე ურთიერთობების ჩამოყალიბებას. სემეკის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი, ბაზარზე მანიპულირებისა და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დროულად გამოვლენა და აღმოფხვრა. როგორც სხვა, ასევე ამ მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეთა ინტერესები.

უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანია მომხმარებლის როლი ახალ ენერგეტიკულ ბაზარზე. ევროპის მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნათა შესაბამისად, მთლიანი ენერგეტიკული ბაზრის ძირითადი ორიენტირი ხდება მომხმარებელი „აქტიური მომხმარებლის“ სტატუსით. ახალი რეგულაციების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ენერგეტიკულ სექტორში ერთობლივი და მომხმარებელზე ორიენტირებული ენერგეტიკული ქმედებების მხარდაჭერა და სტიმულირება, ენერგეტიკული გაერთიანებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ენერგეტიკული გაერთიანებები მომხმარებლებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გახდნენ განახლებადი ენერგიის მწარმოებლები და შესთავაზონ მომსახურება ბაზარის მონაწილეებს. ევროპული რეგულაციების დანერგვა საქართველოს მოქალაქებს უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს გახდნენ აქტიური მომხმარებლები“- აღნიშნა დავით ნარმანიამ.

16-18 ნოემბერს, ხუთი მარეგულირებელი უწყების – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და ეროვნული ბანკის ერთობლივი ორგანიზებით, II საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ იმართება. ღონისძიების მიზანი საქართველოში, კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესებაა.

კონფერენცია გახსნეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ; კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, UNCTAD – ტერესა მორეირამ, კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელმა, OECD – ორი შვარცმა.

კონფერენციაში 20-მდე ქვეყნის დელეგაცია და 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებლის სექტორში მომუშავე უწყების პირველი პირები, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენციაზე, სადაც 9 თემატური სესია იმართება, 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი, ერთობლივ ფორმატში, კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ შედეგებსა და გამოწვევებზე მსჯელობენ.

 

შემთხვევითი სიახლე

მზარდია საბანკო სექტორის მიერ ენერგეტიკის სექტორით დაინტერესება – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული სექტორის …