ანაკლიის პროექტის ჩავარდნის ფონზე ფოთის პორტი აქტიურდება

თბილისი (BPI) – ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნის ფონზე APM Terminals-ი აქტიურდება. APM Terminals-ის ცნობით, კომპანია ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტზე აქტიურად მუშაობს.

კომპანია პირველ ფაზაში 250 მილიონ დოლარზე მეტი კერძო კაპიტალის და მეორე ფაზაში კი დამატებით სოლიდური მოცულობის თანხის ინვესტირებას აანონსებს.

ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობას წარედგინა, მოიცავს მშენებლობისა და განვითარების ორ ეტაპს. პირველი ეტაპი გულისხმობს 1,700 მეტრი სიგრძის მოლოსა და მრავალფუნქციური ნავმისადგომის მოწყობას ზომებით 400მ. [სიგრძე] – 13.5მ. [სიღრმე]. აღნიშნულ ნავმისადგომს შეეძლება 9,000 TEU-მდე მოცულობის გემების მიღება და ის შექმნის ნაყარი ტვირთებისა და დამატებით 150,000 TEU-ს დამუშავების შესაძლებლობას.

მეორე ეტაპით გათვალისწინებულია 300 მეტრი სიგრძის საკონტეინერო ნავმისადგომის აშენება, რომელზეც 3 თანამედროვე STS (გემი-ნავმისადგომი) ტიპის ამწე განთავსდება. აღნიშნული ინფრასტრუქტურის წყალობით გაორმაგდება ფოთის საზღვაო ნავსადგურის საკონტეინერო გამტარუნარიანობა და გადააჭარბებს 1 მილიონ TEU-ს წელიწადში.

„დარწმუნებული ვართ მთავრობის მხარდაჭერაში და გავაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლობას ოფიციალურ სტრუქტურებთან, რათა ფოთის საზღვაო ნავსადგურმა შეინარჩუნოს კავკასიისა და მის მიღმა მდებარე რეგიონის სატრანსპორტო კარიბჭის სტატუსი“ – ამბობს ეიპიემ ტერმინალს ფოთის გენერალური დირექტორი კელდ ქრისტენსენი.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების  ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …