ანაკლიის კონსორციუმი არბიტრაჟში მიდის

თბილისი (BPI) – ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აცხადებს, რომ მთავრობამ გზა არ დაუტოვა. ინვესტორი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ მთავრობას არ გადაუდგამს ნაბიჯ არბიტრაჟის თავიდან ასაცილებლად.

“როგორც ჩანს, კონსორციუმს არ დარჩება სხვა გზა, გარდა იმისა, მიმართოს არბიტრაჟს. კონსორციუმის საერთაშორისო ინვესტორებიც დაიწყებენ პროცესს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. კონსორციუმი მზად არის, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი თავისი პოზიციის დასაცავად, მათ შორის, მიმართოს საერთაშორისო არბიტრაჟს ჟენევაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

კონსორციუმი აღწერს მის მიერ გაწეულ საქმიანობას და აცხადებს, რომ ყოველთვის მოქმედებდა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად და აგრძელებს იგივეს.

“კონსორციუმმა 75 მილიონ აშშ დოლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა, რომ რეალობად ექცია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და ძალიან დიდი სამუშაო გასწია, რომ შეერჩია და დაეპარტნიორებინა პორტის ტერმინალის ოპერატორი, მოემზადებინა საფუძვლები პორტის დიზაინისა და მშენებლობისთვის, შეესრულებინა მნიშვნელოვანი წინასამშენებლო, დაღრმავებითი და სარეკლამაციო სამუშაოები.

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ გამოიჩინა ნება, რომ კონსორციუმთან და სხვებთან ერთად ემუშავა, რათა გამოსავალი მოეძებნა საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციებისა და ინვესტორების მიერ დასმულ საკითხებთან მიმართებაში. სახელმწიფოს ქმედებების შედეგად, კონსორციუმისთვის შეუძლებელი გახდა, დაესრულებინა ძირითად პირობებზე შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან, რომელთა მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია ანაკლიის პორტის მშენებლობის გაგრძელებისა და სამომავლო წარმატების საკითხში. საქართველოს მთავრობა კარგად აცნობიერებს პრობლემებს, რაც მან შექმნა, თუმცა კონსორციუმს ადანაშაულებს, თითქოს მან ვერ მოიზიდა ინვესტიციები, და ეს იქნა გამოყენებული საინვესტიციო ხელშეკრულების შესაწყვეტად. კონსორციუმი არ ეთანხმება საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტას. თუმცა, ცხადია, შეწყვეტის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებამ ნეგატიურად იმოქმედა ყველა ჩართულ მხარეზე. სახელმწიფომ გამოიხმო კონსორციუმის მიერ წარდგენილი უზრუნველყოფის საშუალებები. დაღრმავების სამუშაოებთან დაკავშირებულ ჰოლანდიელ კონტრაქტორს ვან ოორდს მოუწია საინვესტიციო ტერიტორიიდან დემობილიზაცია. ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ადგილზე შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება და შესაბამისად აღარ არის ცხადი თუ როდის აშენდება და დაიწყებს ოპერირებას ანაკლიის პორტი”, – ნათქვამია განცხადებაში.

იქვე ნათქვამია, რომ კონსორციუმმა სახელმწიფოს 2020 წლის 23 იანვარს გაუგზავნა დავის შესახებ შეტყობინება, რომლითაც კიდევ ერთხელ სთხოვა შეხვედრა და კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებში შესვლა კონსორციუმთან, რათა დავა მშვიდობიანი გზით მოგვარდეს.

შემთხვევითი სიახლე

IMF-ის რჩევები მთავრობას

თბილისი (BPI) – საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოს მთავრობას სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებას ურჩევს. ფონდის მოსაზრებით …