ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ჯარიმები იზრდება

ავტოტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების გავლის ხარვეზების გამოვლენას, გამკაცრებას და დარეგულირებას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” უნდა განხორციელდეს.

პროექტთან დაკავშირებით დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმსჯელეს.

ცვლილების მიხედვით, ტექნიკური დათვალიერების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ერთხელ დაჯარიმებული ფიზიკური პირი ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში თუ არ გაივლის ტექდათვალიერებას, დაეკისრება ჯარიმა – 150 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს – 300 ლარის ოდენობით.

იმავე დარღვევის განმეორების შემთხვევაში, თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი 30 დღის განმავლობაში ისევ არ გაივლის ტექდათვალიერებას, ჯარიმის ოდენობა იზრდება – ფიზიკური პირი 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 500 ლარით დაჯარიმდება.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, კომიტეტი სამუშაო ჯგუფთან და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს ჰაერის დაბინძურებასა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვის რეგულირებასთან დაკავშირებული პრევენციული მექანიზმების შემუშავებაზე.

„მუშაობა ორ ნაწილად მიმდინარეობს – ერთი მიმართულებაა ტექნიკური ინსპექტირების საკითხების ხარვეზების გამოვლენისა და დარეგულირება. მეორე მიმართულებაა ვიზუალური გამონაბოლქვი.

შევთანხმდით, რომ ეს ორი საკითხი ცალ-ცალკე განიხილება, გამომდინარე იქიდან, რომ ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლი დამატებით ინსტიტუციურ და მარეგულირებელ ტექნიკური აღჭურვის საკითხებთან არის დაკავშირებული. წინასწარი კონსულტაციების შედეგად, მთავრობამ აქტიურად დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, რათა განისაზღვროს, როგორ, ვინ და როდის იწყებს ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლს.

რაც შეეხება ტექნიკური ინსპექტირების საკითხების ხარვეზების გამოვლენას, გამკაცრებას და დარეგულირებას, შესაბამისი კანონის პროექტი შემუშავდა კომიტეტის ფარგლებში იმ კონსულტაციების შედეგად, რომელზეც წინა შეხვედრებზე ვიმსჯელეთ “, -განცხადა მაია ბითაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ კანონპროექტის ინიცირება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდება.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისა და ეკოტრანსპორტის დანერგვის ხელშეწყობის საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.

შემთხვევითი სიახლე

ახალქალაქში ყველის საწარმო ფართოვდება

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახალქალაქში ყველის საწარმო ფართოვდება. პროექტის …