საქართველოში პროდუქტების მარაგი არსებობს და იმპორტის პრობლემაც არ არის – შამუგია

საქართველოში პროდუქტების მარაგი არსებობს და იმპორტის პრობლემაც არ არის, – აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია. მისი თქმით, ხორბალთან და სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით შეფერხებებს არ ელოდებიან.

„ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს იმპორტიორებთან. ვიხილეთ გარკვეული აჟიოტაჟი შაქართან დაკავშირებით, რომელიც გამოწვეული იყო მხოლოდ იმით, რომ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა არასაჭიროდ განახორციელა შესყიდვები მარაგების შევსების მიზნით. ეს პროცესი მიმდინარეობს ისე, რომ არანაირი შეფერხება არ არის – ქვეყანაში შემოდის როგორც შაქარი, ასევე სხვა პროდუქტები. შაქარი არ შემოგვაქვს არც რუსეთიდან, არც უკრაინიდან, ასე რომ არანაირი საფუძველი ამ აჟიოტაჟს არ ჰქონდა. არც სხვა პროდუქტებთან, არც ხორბალთან დაკავშირებით ველოდებით რამე შეფერხებებს. ჯერჯერობით ქვეყანაში არსებობს როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის მარაგები. ვაკვირდებით მოვლენებს, ვთანამშრომლობთ ბიზნესთან, იმპორტიორებთან და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ მხარი დავუჭიროთ შესაბამისი ბაზრების და კონტაქტების დამყარებას, საიდანაც შესაძლებელია მომავალში კონკრეტული პროდუქციის შემოტანა გახდეს საჭირო. თუმცა, დღესდღეობით ამ მიმართულებით ვერანაირ რისკებს ვერ ვხედავთ და პროდუქციის მომარაგების კუთხით ამ ეტაპზე ყველაფერი წესრიგშია“, – განაცხადა შამუგიამ.

მინისტრი აცხადებს, რომ შესყიდვების გაზრდა იწვევს მიწოდების ჯაჭვში გარკვეულ შეფერხებებს, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება აღმოსაფხვრელად. გარკვეულ მაღაზიებში შესაძლოა, იყოს რაღაც დროით შეფერხება.

“თუმცა ეს შეფერხება აღმოიფხვრება რამდენიმე დღეში და ივსება მარაგები. მარაგების პრობლემა რომ იყოს, მაღაზიები პროდუქტით ვერ შეივსებოდა და დეფიციტი გვექნებოდა. ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით და ვაკეთებთ მონიტორინგს ბიზნესთან ერთად და უახლოეს მომავალში პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება არ გველოდება. რისკი ნამდვილად არ არის“, – განაცხადა შამუგიამ.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …