კონკურენციის ეროვნული სააგენტო – უმნიშვნელო ოდენობის სახელმწიფო დახმარების მოცულობამ გასულ წელს 14 744 673 ლარი შეადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, 2020-2021 წლებში, სახელმწიფოს მიერ უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური დახმარების გაცემის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს მონაცემებით, 2021 წელს, საქართველოში, სხვადასხვა უწყებების მიერ, უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების მოცულობამ 14 744 673 ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 22%-ით აღემატება.

რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობებს, 47 მუნიციპალიტეტისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წელს, უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარება არ გაცემულა.

თბილისის მუნიციპალიტეტი კი, 2021 წელს, 2020 წლის მსგავსად, უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების გამცემ ყველაზე მსხვილ ორგანოდ რჩება, სადაც გაცემული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარებების საერთო ჯამი 84%-ს შეადგენს. თბილისის შემდეგ კი ოზურგეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტები ლიდერობენ.

დახმარების ძირითადი ნაწილი გაცემულია კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის სფეროს მიმართულებით. სახელმწიფო დახმარების ფორმას, ძირითადად, წარმოადგენდა ფინანსური დახმარება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება და საოპერაციო აქტივების გადაცემა.

უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარებას მიეკუთვნება – სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანოს მიერ საბიუჯეტო სახსრების ან სახელმწიფო რესურსების გადაცემით ან სხვა შეღავათის დაწესებით ეკონომიკური აგენტისათვის შერჩევითი ეკონომიკური უპირატესობის მინიჭება. თუ მისი მოცულობა ერთ ეკონომიკურ აგენტთან მიმართებით, ჯამურად, ზედიზედ 3 ფისკალური წლის განმავლობაში არ აღემატება 400 000 ლარს, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის სფეროში 200 000 ლარს.

დახმარების გამცემი ორგანო ვალდებულია, ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 თებერვლამდე, სააგენტოს გაცემული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ოდენობის, გაცემის ვადისა და მიმღები სუბიექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სააგენტო უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ყოველწლიურ რეესტრს აწარმოებს.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …