რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა გრძელდება

ოზურგეთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ოპტიკური ქსელის მშენებლობის დასრულების შემდეგ, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გრძელდება, რომელიც ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს და ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გარკვეულ სოფლებს მოიცავს.

აღნიშნულ სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში საპროექტო სამუშაოების პარალელურად, ა(ა)იპ „ოუფენ ნეტის,“ სამშენებლო კომპანიებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „ოუფენ ნეტის“ ხელმძღვანელი მარიამ სულაბერიძე, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის მონაწილეებს მარიამ სულაბერიძემ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამის შეუფერხებლად განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით, სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში საინფორმაციო შეხვედრები გაგრძელდება.

მისივე თქმით, მიმდინარე ეტაპზე, ამბროლაური-ონის მიმართულებაზე დაწყებულია საპროექტო სამუშაოები, რომელსაც ახორციელებს შპს „სის ბიზნეს სერვისი“. ოპტიკური მაგისტრალის მშენებლობის ტენდერი დასრულებულია ლეჩხუმის მიმართულებაზეც და გაფორმებულია ხელშეკრულება გამარჯვებულ მშენებელ კომპანიასთან, შპს „პარვუს ჯგუფთან“, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყებს პროექტირებას.

აღსანიშნავია, რომ როგორც ამბროლაური-ონის, ასევე ცაგერი-ლენტეხის მშენებლობა უკვე პროექტ „Log-in Georgia“-ს ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს და ყველა მომდევნო, ახალი მიმართულება ამ პროექტით გაგრძელდება.

2025 წლისთვის, Log in Georgia -ს ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ოპტიკური ქსელით დაიფარება 1000-მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები, რომლითაც, საბოლოოდ, სარგებელს მიიღებს, 500,000 ადამიანი.

დამატებითი ინფორმაცია:

ტყიბული-ამბროლაური-ონის პარამეტრებია: ასაშენებელი ინფრასტრუქტურა – 150 კმ; დასახლებული პუნქტი-20; მოსახლეობა – 11,000

დაგეგმილი სამიზნე გეოგრაფიული არეალები: ამბროლაურის მუნიციპალიტეტში –
ქალაქი ამბროლაური, ხვანჭკარა, ჭრებალო, ბუგეული, ბოსტანა, ლიხეთი, სადმელი, კვაცხუთი, ძირაგეული, კლდისუბანი, წესი, ურავი, ნიკორწმინდა, მეორე ტოლა, პირველი ტოლა, ხოლო ონის მუნიციპალიტეტში დაბა ონი, უწერა, ღები, ღარი, გლოლა.

წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის პარამეტრებია: ასაშენებელი ინფრასტრუქტურა – 145 კმ; დასახლებული პუნქტი-21; მოსახლეობა – 10,000.

დაგეგმილი სამიზნე გეოგრაფიული არეალები: ლენტეხის მუნიციპალიტეტში -დაბა ლენტეხი, ხელედი, რცხმელური; ცაგერის მუნიციპალიტეტში – ქალაქი ცაგერი, ტვიში, მახაში, წიფერჩი, ლასურიაში, ქვედა ცაგერი, ჭალისთავი, ოყურეში, ზუბი, ლაილაში, ჩხუტელი, ლაჯანა, ორბელი; წყალტუბოს მუნიციპალიტეტი – ჩუნეში, ცხუნკური, ყუმისთავი, დღნორისა.

…………………………………..

შეგახსენებთ, რომ პირველი და მეორე საპილოტე პროექტების ფარგლებში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა უკვე აშენდა ოზურგეთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების 62 დასახლებულ პუნქტში, რაც მოიცავს 200 კმ-მდე ოპტიკურ ინფრასტრუქტურას და 40 000-მდე მოსახლისთვის ხარისხიან ინტერნეტთან წვდომისთვის შექმნილ შესაძლებლობას.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …