Galt &Taggart-მა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლამდე ტურიზმის შემოსავლების აღდგენის პროგნოზი შეამცირა

Galt &Taggart-მა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლამდე ტურიზმის შემოსავლების აღდგენის პროგნოზი 60-75%-მდე შეამცირა. წლის დასაწყისში კი Galt &Taggart-ში ვარაუდობდნენ, რომ 2022 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 85%-ით აღდგებოდა.

2022 წლის მარტში ტურისტების რიცხვმა 2019 წლის მარტის დონის  48.5% შეადგინა, რაც მცირედით გაუარესებულია წინა თვესთან შედარებით რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე. როგორც Galt &Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული,  ერთდღიანი ვიზიტორების აღდგენის ტემპი დაჩქარდა და მთლიანი საერთაშორისო ვიზიტორების 16.3% შეადგინა, იანვარ-თებერვლის 10.3%-იანი დონიდან (ამ ტიპის ვიზიტორები მთლიანი ვიზიტორების საშუალოდ 30%-ს შეადგენდა 2019 წელს). ამრიგად, 2022 წლის მარტში 188.4 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი (+236.9% წ/წ, ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) მოგზაურობდა საქართველოში. ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა თურქეთიდან (22.5% წილი ჯამურ ვიზიტებში), რასაც მოჰყვება რუსეთი (12.0% წილი) და სომხეთი (11.7% წილი). ამასთან, ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (56.8%-იანი წილი), რასაც მოჰყვა საჰაერო გზით შემოსვლა (41.9%-იანი წილი). “ჯამურად 2022 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს 0.5 მილიონი ტურისტი ეწვია (+294.6% წ/წ, 2019 წლის პირველი კვარტლის 52.1%) და ჩვენი შეფასებით ტურიზმის შემოსავლებმა 343.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+541.8% წ/წ, 2019 წლის პირველი კვარტლის 59.4%). ჩვენ ვპროგნოზირებთ 2022 წლის ტურიზმის შემოსავლების აღდგენას 2019 წლის დონის 60-75%-მდე, რაც შემცირებულია ჩვენი საწყისი 85%-იანი აღდგენის პროგნოზიდან”, აცხადებენ Galt &Taggart-ში.

 

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში 2021 წლის ანგარიში წარადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის …