EBRD-მა 2021 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გაზარდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თავისი რეგიონებისათვის 2021 წლის პროგნოზი 5,5 პროცენტამდე გაზარდა უახლეს ანგარიშში – რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივები რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმოადგენს ზრდას 1.3 პროცენტული პუნქტით, ივნისის პროგნოზთან შედარებით, წლის პირველი ნახევარის სწრაფი აღდგენის შედეგად, ბანკი სერიოზული სამომავლო საფრთხის შესახებ გვაფრთხილებს.

საქონლისა და ენერგიის მაღალმა ფასებმა, შემჭიდროებულმა შრომის ბაზრებმა, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ და ვალუტის გაუფასურებამ EBRD-ის ზოგიერთ ეკონომიკაში გამოიწვია ინფლაციის მომატება Covid-19 ინფექციის შემთხვევების ბოლო ტალღამდეც კი. საშუალოდ, EBRD-ის რეგიონებში ინფლაციამ 2021 წლის სექტემბერში 3 პროცენტული პუნქტით გადააჭარბა 2019 წლის ბოლოს. ამის საპასუხოდ, EBRD-ის რეგიონებში რიგმა ცენტრალურმა ბანკებმა გაზარდეს პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთები.

EBRD-ის ზოგიერთ ეკონომიკაში, მჭიდრო შრომის ბაზარმა გავლენა იქონია ინფლაციის კუთხითაც, მკვეთრად გაიზარდა ვაკანსიების რაოდენობა დაბალი და საშუალო კვალიფიკაციის პროფესიებში. ზოგიერთ ეკონომიკურ სისტემაში კი შრომის ბაზარი კვლავ მნიშნელოვნად შეფერხებულია. 2020 წლის თებერვლიდან აგვისტომდე, უმუშევრობა საშუალოდ 1,4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სამუშაო ძალის მონაწილეობა საშუალოდ ნახევარი პროცენტული პუნქტით შემცირდა.

EBRD-ის მთავარმა ეკონომისტმა ბეატა იავორჩიკმა აღნიშნა: „ეს სიმწარენარევი სიხარულია. 2021 წლის პირველმა ნახევარმა ძლიერი ხელახალი ზრდა მოიტანა. თუმცა, ჩვენ ვხედავთ შეშფოთების მზარდ მიზეზებსაც. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციის მაღალ ფასებს სარგებელი მოაქვს ექსპორტიორებისათვის, ისინი დიდ გავლენას ახდენენ იმპორტიორთა სავაჭრო ბალანსზე. ხელმისაწვდომი ენერგიის მიწოდება, ზამთრის პერიოდში, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობებისათვის ზედა ზღვარი შეზღუდულია.”

Covid-19-ის კრიზისის საპასუხოდ გაცემული დიდი სტიმულირების პაკეტების შედეგად, EBRD-ის რეგიონებში სახელმწიფო ვალი გაიზარდა მშპ-ს საშუალოდ 13 პროცენტული პუნქტით 2019 წლის ბოლოდან. მიუხედავად იმისა, რომ სესხის აღების ხარჯები რჩება კრიზისამდელ დონეებზე დაბლა უმეტეს შემთხვევაში, ზოგიერთ ქვეყანაში ისინი მკვეთრად გაიზარდა.

აღდგენის ტემპი EBRD-ის რეგიონებში 2021 წლის პირველ ნახევარში გაიზარდა, როდესაც პროდუქციის გამოშვებამ 6,3 პროცენტით მოიმატა წინა წელთან შედარებით. მობილურობა აღდგა უფრო ადრე, ვიდრე მსოფლიოს სხვა ნაწილებში, ხოლო სამრეწველო წარმოებამ და საცალო გაყიდვებმა ისევ მოიმატა. საქონლისა და მომსახურების ექსპორტი გაიზარდა მიწოდების ჯაჭვის დროებითი შეფერხების მიუხედავად. ასევე გაიზარდა ფულადი გზავნილების რაოდენობა  2021 წლის მეორე კვარტალში, ზოგიერთ შემთხვევაში კი გადააჭარბა 2019 წლის დონეს. ტურისტების რაოდენობამაც გადააჭარბა მოლოდინს, თუმცა გაცილებით მცირეა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით EBRD-ის უმეტეს ეკონომიკებში.

2022 წელს, როდესაც ეკონომიკა გამოჯანმრთელდება, EBRD-ის რეგიონებში ზრდა ზომიერი იქნება 3,8 პროცენტამდე. ეს 0,1 პროცენტული პუნქტით დაბალია ვიდრე მოსალოდნელი იყო 2021 წლის ივნისში. თუმცა, პროგნოზები ცვალებადია, რაც ასახავს რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია Covid-19-ის შემდგომ განვითარებასთან, გარე პირობების შესაძლო გაუარესებასთან და სავაჭრო პარტნიორების სუსტ ზრდასთან.

უფრო ფართო ინფლაციასთან დაკავშირებულმა რისკმა შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკის გამკაცრება მოწინავე ეკონომიკებში, რაც ვალის მომსახურებას გააძვირებს, ნათქვამია მოხსენებაში. მოგზაურობის შეზღუდვები და ვირუსის გადადების შიში კვლავ მოქმედებს ტურიზმის სექტორის პერსპექტივაზე. მიუხედავად იმისა, რომ გაკოტრების შეჩერება აქამდე ხერხდებოდა, შემდგომმა მოწყვლადობამ შესაძლოა თავი იჩინოს მას შემდეგ, რაც პოლიტიკური მხარდაჭერა შემცირდება.

ცენტრალურ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში მოსალოდნელია, რომ პროდუქციის გამოშვება გაიზრდება 5.2 პროცენტით 2021 წელს და 4.7 პროცენტით 2022 წელს, რაც წარმოადგენს მოსალოდნელზე უკეთეს შედეგს 2021 წლის პირველ ნახევარში, თუმცა, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ გავლენა იქონია ზრდაზე ზოგიერთ ეკონომიკაში.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროკავშირში მშპ მოსალოდნელია გაიზრდება 6,7 პროცენტით 2021 წელს და 4,3 პროცენტით 2022 წელს. ეს მაჩვენებლები ასახავს საბერძნეთში მნიშვნელოვან ზრდას, თუმცა ტურისტების რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებელზე დაბალი რჩება.

მოსალოდნელია, რომ დასავლეთ ბალკანეთში პროდუქციის გამოშვება გაიზრდება 6,4 პროცენტით 2021 წელს და 4 პროცენტით 2022 წელს. რეგიონმა განიცადა მნიშვნელოვანი აღმავალი ცვლილებები, რაც ასახავს მოსალოდნელზე უკეთეს შედეგებს წლის პირველ ნახევარში, მათ შორის ტურიზმის სექტორში, ისევე როგორც, ევროკავშირის ბაზრის საექსპორტო მოთხოვნა.

მოსალოდნელია, რომ რუსეთში პროდუქცია გაიზრდება 4,3 პროცენტით 2021 წელს და 3 პროცენტით 2022 წელს, რასაც ხელს უწყობს სახელმწიფო ხარჯვის პროგრამები, რომლებიც გამყარებულია ფართო მოხმარების საქონელზე შემოსავლების ზრდით.

აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მოსალოდნელია პროდუქციის ზრდა 3,6 პროცენტით 2021 წელს და 2,9 პროცენტით 2022 წელს, რაც ასახავს ძლიერ შედეგებს წლის პირველ ნახევარში, თუმცა, მესამე კვარტალში წინსვლის შენელების ნიშნები არსებობს.

ცენტრალური აზიის ეკონომიკა, სავარაუდოდ, გაიზრდება 4,9 პროცენტით 2021 წელს და 4,8 პროცენტით 2022 წელს, საქონელზე მაღალი ფასებისა და ფულადი გზავნილების აღდგენის გამო.

თურქეთის ეკონომიკა, სავარაუდოდ, გაიზრდება 9 პროცენტით 2021 წელს და 3,5 პროცენტით 2022 წელს, რასაც ხელს უწყობს შიდა მოთხოვნის შემდგომი აღდგენა და ძლიერი ექსპორტით, რაც მოყვა ვალუტის გაუფასურებას. თუმცა, მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები გაიზარდა.

მოსალოდნელია, რომ სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში ნაწარმი გაიზრდება 4.2 პროცენტით 2021 წელს და 4.4 პროცენტით 2022 წელს, რაც ასახავს ეკონომიკური აქტივობის ძლიერ ზრდას ეგვიპტეში, განსაკუთრებით 2021 წლის მეორე კვარტალში.

შემთხვევითი სიახლე

საპარტნიორო ფონდის რეფორმირება სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება და მოხდება სტრუქტურის სრული განახლება – თურნავა

„საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირება სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება და ფონდი უფრო თანამედროვე სტრუქტურად ჩამოყალიბდება, – ამის შესახებ …