BAG-ი სსფ-ის შემფასებელ მისიას ბიზნესის შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობაზე ესაუბრა

თბილისი (BPI) – საქართველოში მოღვაწე ბიზნეს ოპერატორებისთვის არსებული საგადასახადო შეღავათების შემდგომი გაგრძელება და პანდემიის მეორე ტალღის ფონზე სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერა იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ გუნდსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელ მისიას შორის დისტანციურ რეჟიმში შეხვედრის უმთავრესი საკითხი.

შეხვედრაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ, იმ პრობლემებსა და დამატებით წნეხზე გაამახვილა ყურადღება, რასაც ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შედეგად, ასოციაციის წევრი კომპანიები განიცდიან. ასევე საუბარი შეეხო კავკასიის რეგიონში არსებულ ურთულეს საომარ ვითარებას და ამ ფონზე ტურისტული სექტორის სწრაფი აღდგენის პრობლემას. შესაბამისად, ასოციაციის სახელით ლევან ვეფხვაძემ მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა-მარტინს მიაწოდა ინფორმაცია იმ მინიმალური დამატებითი ღონისძიებების შესახებ, რაც ასოციაციის აზრით, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელდეს, მათ შორისაა, საშემოსავლო გადასახადის ბიზნეს ოპერატოებისთვის დატოვების შემდგომი 6 თვით გაგრძელება და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში გადავადებული/დაგროვილი საბიუჯეტო ვალდებულებების პრობლემის მოგვარება. შეხვედრისას, ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ასევე, დაადასტურა ასოციაციის მზაობა დამკვიდრებული დიალოგის ფორმატში ბიზნესის მხარდაჭერის მეორე პაკეტზე მუშაობისას აქტიური კომუნიკაცია წარმართოს საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან.

როგორც ცნობილია COVID-19-ის გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რიგით მე-7 შემფასებელი მისია ვირტუალურ რეჟიმში მუშაობს და საქართველოს მთავრობის წევრებთან და დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს აღნიშნულ ფორმატში განაგძობს.

შემთხვევითი სიახლე

თეიმურაზ ლეჟავა პირველი ქართველია, რომელსაც იაპონელებმა ჰიგაში კუნინომიას საერთაშორისო კულტურული ჯილდო მიანიჭეს

თბილისი (BPI) – 14 ოქტომბერს, საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავას დამსახურებული დიპლომატიური …