2021 წელს ADB-ს ოპერაციებმა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისა და მწვანე განახლების მიმართულებით $22.8 მლრდ შეადგინა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 2021 წელს საკუთარი რესურსებიდან 22.8 მილიარდი აშშ დოლარი ($) გამოყო აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის დასახმარებლად კორონავირუსული დაავადებით (კოვიდ-19) გამოწვეულ პირველად ეფექტებთან გასამკლავებლად და მწვანე განახლების ხელშესაწყობად.

ბანკის ფინანსური და ოპერაციული შედეგები გამოქვეყნდა დღეს ADB-ის 2021 წლის ყოველწლიურ ანგარიშში. ანგარიში აჯამებს ADB-ის წევრი განვითარებული ქვეყნებისადმი გაწეულ დახმარებას ფინანსების, ცოდნისა და თანამშრომლობის ერთობლიობით.

„ADB მტკიცედაა დარწმუნებული, რომ პანდემიის შედეგებთან გამკლავება და გრძელვადიანი განვითარების მხარდაჭერა ერთმანეთს არ გამორიცხავს,“ განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ. „კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ჩვენმა სტაბილურმა დახმარებამ საფუძველი ჩაუყარა მრავალმხრივ, მდგრად და მწვანე განახლებას და ჩვენი სტრატეგია 2030-ის მიზნებისაკენ მიმართულ პროგრესს.“

2021 წელს გამოყოფილი $22.8 მილიარდი მოიცავს სესხებს და გარანტიებს, გრანტებს, კაპიტალდაბანდებებს და ტექნიკურ დახმარებებს მთავრობებისა და კერძო სექტორისთვის. დამატებით ADB-მ $12.9 მილიარდის მოზიდვა მოახერხა თანადაფინანსების სახით.

ADB-ის 2021 წლის გამოყოფილი თანხებიდან $13.5 მილიარდი ანუ 59% პანდემიის საპასუხოდ იყო მიმართული, თუმცა მისი დიდი ნაწილი, როგორიცაა ჯანდაცვის სექტორის გაძლიერება, პანდემიის დასრულების შემდეგ ასევე დაეხმარება რეგიონს გრძელვადიან პერსპექტივაში.

ბანკის პანდემიის საპასუხო პაკეტმა მოიცვა $4.9 მილიარის ოდენობის სწრაფი საბიუჯეტო დახმარება მთავრობებისთვის სტრუქტურული რეფორმებისა და ვალის მდგრადობის შესანარჩუნებლად. დაფინანსებიდან $4.6 მილიარდი საბიუჯეტო სესხია, $250 მილიონი კოვიდ-19-ის პანდემიის საპასუხო ოპცია.

პანდემიის საპასუხოდ ADB-მ წევრი განვითარებადი ქვეყნებისთვის ასევე გამოყო $4.1 მილიარდი  უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების შეძენისა და მიწოდებისთვის, ხოლო $3.3 მილიარდი კერძო სექტორისთვის, ბიზნესებისა და ვაჭრობის შესანარჩუნებლად და სამედიცინო პროდუქტებსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის მიზნით. კოვიდ-19-ის დახმარებისა და გაჯანსაღების გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო ცოდნის პროდუქტების ფართო სპექტრიც.

განვითარების გრძელვადიანი გამოწვევების დაძლევა, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ADB-ის 2021 წლის ოპერაციების მნიშვნელოვანი ფოკუსი იყო.

„კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში გავიმარჯვებთ ან დავმარცხდებით აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში. წარმატებისთვის ჩვენს რეგიონს ჭირდება დაჩქარებული ნაბიჯები ნახშირბადის დაბალი გამოყოფისკენ,“ განაცხადა პრეზიდენტმა ასაკავამ.

ახალი, გაზრდილი ამბიციის ხელშესაწყობად, რაც 2030 წლამდე ჯამური კლიმატური დაფინანსების $100 მილიარდამდე გაზრდას ითვალისწინებს, ბანკმა ფინანსური ინიციატივების სერია გამოაცხადა, რეგიონის ნახშირბადის დაბალი გამოყოფის მიმართულებით განვითარების ხელშესაწყობად. მაგალითად, ADB-იმ შექმნა ენერგეტიკის გარდამავალი მექანიზმი, რომელიც ერთგვარ ბერკეტს წარმოადგენს კერძო და საჯარო ინვესტიციებისთვის, რათა დაფინანსდეს ნახშირზე მომუშავე აქტივების ვადაზე ადრე დახურვა, სუფთა და განახლებადი ენერგიების გაძლიერება და სამართლიანი და ფინანსურად ხელმისაწვდომი ტრანზიცია.

ADB-ის მიერ 2021 წელს გაღებული ყველა დახმარება შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც კონკრეტულად ქალებსა და გოგონებს მისცემს სარგებელს. ბანკმა ასევე გაზარდა ძალისხმევა მთავრობების დასახმარებლად სახელმწიფო ფინანსური რესურსების მობილიზებაში, რაც აუცილებელია მდგრადი განვითარებისთვის, მათ შორისაა აზია-წყნარი ოკეანის საგადასახადო ჰაბის შექმნა, რეგიონის მასშტაბით საგადასახადო და მასთან დაკავშირებული რეფორმების ხელშეწყობის მიზნით.

ADB-ის 2021 წელს აღებული ვალდებულებები დაფინანსებული იყო მისი სიდიდით მეორე სასესხო პროგრამის ფარგლებში, რაც კაპიტალური ბაზრების დახმარებით $35.8 მილიარდით გაიზარდა. ADB-იმ გასულ წელს რეკორდულად დიდი მოცულობის თემატური ფასიანი ქაღალდი გაყიდა, გამოუშვა განათლების ობლიგაციები და პირველად გამოსცა ლურჯი ობლიგაციები ოკეანეების სიჯანსაღისთვის.

ყოველწლიური ანგარიში ასევე წარმოადგენს შიდა რეფორმებს, რომელსაც ADB ახორციელებს რათა ორგანიზაციამ უზრუნველყოს შესაბამისი უნარების, კულტურის, სტრუქტურის და მექანიზმების არსებობა აღებული მისიის შესასრულებლად.

ADB-ის წლიური ანგარიში სრულად ციფრულია და ასევე ხელმისაწვდომია მობილური ვერსიაც მდიდარი მულტიმედია შემადგენლობით — www.adb.org/ar2021/digital.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …